ჭიათურაში მთავარი სტადიონი, რომელიც თავდაპირველად 10 000
მაყურებელზე იყო გათვლილი, დღეს მხოლოდ დაახლოებით 100 ადამიანს
იტევს.
ამორტიზებული ტრიბუნების გამო დამონტაჟებულია ხის სკამები, ისიც
შეზღუდული რაოდენობით.
სტადიონი 1965 წელს გაიხსნა და მას შემდეგ რეაბილიტაცია
არ ჩატარებია.
ჭიათურის სპორტული ბაზების განყოფილების უფროსის, ზურაბ ჩაფიჩაძის
თქმით, სტადიონი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან
ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი მთავარი სპორტული სივრცეა.
მისი განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კომუნიკაციის
შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება, თუმცა
კონკრეტული ვადები ჯერ არ დასახელებულა.
„სტადიონი 1965 წლიდან ფუნქციონირებს და დღეს მძიმე მდგომარეობაშია.
საჭიროებს სასწრაფო შეკეთებას. როგორც ადამიანს ჰაერი სჭირდება, ისე
სჭირდება ბავშვებს ეს სტადიონი — ეს ჯანმრთელობის კერაა. მე აქ 47
წელია ვმუშაობ. 1995 წლის მაისიდან სტადიონი მერიის ბალანსზეა“,
— ამბობს ჩაფიჩაძე.
ჭიათურის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის
დაკვეთით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიურო ამზადებს დასკვნას თემურ მაღრაძის სახელობის
ცენტრალური სტადიონის ტრიბუნების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.
მათი თქმით, დასკვნის საფუძველზე გადაწყდება, საჭიროა თუ არა
ტრიბუნების დემონტაჟი ან შესაძლებელია მათი რეაბილიტაცია. ამის
შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდი დაიწყებს
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას.
მასალის გამოყენების პირობები