ახალი ამბები
26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და თავისუფლების დღე
FaceBook
დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
სწორედ ამ დღეს, 1918 წელს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა ოფიციალურად გამოაცხადა და დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საერთაშორისო აღიარებასაც მოიპოვა, თუმცა მისი არსებობა 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის ოკუპაციამ და ანექსიამ დაასრულა. დამოუკიდებლობის აღდგენა საქართველომ მხოლოდ 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.


1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ განსაკუთრებული ძალა შეიძინა. საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა საბჭომ იძულებით აღიარა 1921 წლის მოვლენები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად და დანიშნა უზენაესი საბჭოს არჩევნები.


1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით „მრგვალმა მაგიდამ“ მოიპოვა.


1991 წლის 31 მარტს ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი, სადაც მოქალაქეებს ეკითხებოდნენ:
„თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“


რეფერენდუმის მონაწილეთა 98.9%-მა დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა, ხოლო საერთო მონაწილეობამ 90.3% შეადგინა.

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა ოფიციალურად გამოაცხადა. იმავე წლის 26 მაისს საქართველოში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.
Print