„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ მიერ გაცემულ გრანტებზე
„გრანტების შესახებ“ კანონის მოთხოვნები არ გავრცელდება.
აგრეთვე , საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების მიერ გაცემული
გრანტებისთვის საქართველოს მთავრობის თანხმობა საჭირო აღარ იქნება.
აღნიშნული ცვლილებები შედის „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ
შესწორებებში, რომელსაც პარლამენტი დღეს მეორე და მესამე მოსმენით
განიხილავს და კენჭს უყრის. კანონპროექტი ამ ნაწილში იურიდიულ
საკითხთა კომიტეტში განხილვის შემდეგ გადამუშავდა.
მოქმედი კანონი უკვე განსაზღვრავს რამდენიმე ორგანიზაციას, რომელთაც
გრანტის გასაცემად მთავრობის თანხმობის მიღება არ ევალებათ. მათ შორის
არიან: ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამა „ჰორიზონტი
ევროპა“, პროგრამა „ერაზმუს+“, გერმანიის აკადემიური გაცვლის
სამსახური (DAAD) და ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული
პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“. ამ ორგანიზაციების მიერ გაცემული
გრანტები, რომლებიც განკუთვნილია ზოგადი და უმაღლესი განათლებისთვის
ან სამეცნიერო საქმიანობისთვის, აღნიშნული კანონის რეგულირებას არ
ექვემდებარება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ,
წარადგინა განახლებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ
ჩამონათვალს დაემატება „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ და
ასევე საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტები.
მისი განმარტებით, მიზანია დამატებითი სიცხადის შეტანა იმ საკითხში,
რაც უკვე გულისხმობდა, რომ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა“
და მის მიერ გაცემულ გრანტებზე კანონის მოთხოვნები არ გავრცელდეს.
საქართველოში მოქმედებს შესაბამისი არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი, რომელიც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის
საერთაშორისო მოძრაობის წევრია, ამიტომ კანონში პირდაპირი ჩანაწერის
გაკეთება საჭიროდ მიიჩნევა.
ამავე ცვლილებებით განისაზღვრება, რომ საფინანსო-საკრედიტო
ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტებიც აღარ დაექვემდებარება
აღნიშნული კანონის მოთხოვნებს.
"მაგალითად, საუბარია მსოფლიო ბანკის გრანტებზე, რომლებიც, როგორც
წესი, სესხთან ერთად გაიცემა და სუვერენიტეტის დარღვევის რისკი
მინიმალურია. მსგავსი გრანტები ისედაც შეთანხმებულია მთავრობასთან
სხვა პროცედურებით, ხოლო პოლიტიკურ მიზნებზე ისინი არ გაიცემა", -
განაცხადა გორდულაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
„გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი
დაჩქარებული წესით იხილავს. კანონპროექტის თანახმად, გრანტად აღარ
მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის,
საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან
შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის
ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო
ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
"ოცნების" ხელისუფლებამ "გრანტების შესახებ კანონი"
2025 წლის აპრილში ცვლილებები შეიტანა, რომელის
მიხედვით, "ოცნების" მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტის გაცემა/
მიღება აიკრძალა. ამ ცვლიბებით, გრანტად იქნა მიჩნეული
ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი
კონტრიბუცია.
მასალის გამოყენების პირობები