იმერეთის სამხარეო რწმუნებელის ლევან ზალკალიანის თქმით, ტყიბულის
მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მომხდარი მეწყერის შედეგად 38 ოჯახი
დაზარალდა.
ჯამში, ევაკუირებულია 104 მოქალაქე, რომლებიც დროებით განსახლდნენ
როგორც ქუთაისში, ისე ტყიბულის მუნიციპალიტეტში.
"მიმდინარეობს ამჟამად აღწერა. არის 38 ოჯახი დაზარალებული. 104
მოქალაქე , რომელთა განთავსება ხდება, როგორც ქუთაისში ასევე,
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე , რომლებიც უზრუნველყოფილნი
არიან პირველადი საჭიროებით. ასევე, მოქმედებს ცხელი ხაზი ტყიბულის
მუნციპალიტეტში", - ამბობს იმერეთის სამხარეო რწმუნებელი.
დღეს, 12 მარტს, მეწყერი განვითარდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის
სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში, რის შედეგადაც
5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა.
ტიქიის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, შექმნილია
საგანგებო შტაბი, რომელიც ადგილზე ვითარებას კოორდინაციას უწევს.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი ტექნიკა.
ამავდროულად, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების სამი ჯგუფი
სწავლობს მეწყრული მასების დინამიკას, რათა შეფასდეს არსებული
მდგომარეობა და სამომავლო რისკები.
სტიქიის გამო, ქუთაისი (მოწამეთა) – ტყიბული – ამბროლაურის
საავტომობილო გზის მე-6 კილომეტრზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად
აკრძალულია.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით,
ავტოტრანსპორტი დროებით სოფელ მაღაროს გავლით გადაადგილდება.
ტყიბულის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ სტიქიის ზონაში
გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის
დაუკავშირდნენ
ცხელ ხაზს შემდეგ ნომრებზე: 599 27 32 50 ან 574 22 81 02.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები