ახალი ამბები
მზია ამაღლობელის საქმე: საიამ ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი წარადგინა
FaceBook

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მზია ამაღლობელის სახელით კიდევ ერთი, მესამე საჩივარი წარუდგინა.


ორგანიზაციის განცხადებით, ეს საჩივარი ეხება 2025 წლის 12 იანვარს მომხდარ ფაქტს, როდესაც, მათი თქმით, ამაღლობელის მიმართ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობა განხორციელდა.

საიას ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში უკვე განიხილება ამაღლობელის ორი სხვა საქმე. ერთ-ერთი მათგანი უკავშირდება მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, რომელსაც ორგანიზაცია უკანონოდ მიიჩნევს, ხოლო მეორე საქმე შეეხება მის ადმინისტრაციულ დაკავებასა და ამ პროცესთან დაკავშირებულ შესაძლო სამართალდარღვევებს.

ორგანიზაციის ცნობით, 2025 წლის 12 იანვარს, გვიან ღამით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან სამართალდამცავებმა მზია ამაღლობელი დააკავეს. საიას განმარტებით, დაკავების პროცესი ძალადობრივი მეთოდებით განხორციელდა, რის შედეგადაც მას ფიზიკური დაზიანებები მიადგა. მათი ინფორმაციით, პოლიციის დეპარტამენტის ეზოში ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე ამაღლობელს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა, ასევე სცადა მის მიმართ ფიზიკური ძალადობა.

საია აცხადებს, რომ არასათანადო მოპყრობა პოლიციის შენობაშიც გაგრძელდა. მათი თქმით, ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ მიეცა ადვოკატის დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა, ჩხრეკა ჩაუტარდა ადვოკატის გარეშე და ხელბორკილები ზურგს უკან დაადეს, მიუხედავად იმისა, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა.

სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ამაღლობელის შემთხვევაში დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული რამდენიმე უფლება, მათ შორის დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა, დისკრიმინაციის აკრძალვა, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება და სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება.

საია ასევე მიუთითებს გამოძიების შესაძლო ხარვეზებზე. მათი განცხადებით, არ არის სრულყოფილად შესწავლილი ვიდეომასალები, არ დაკითხულან ყველა შესაძლო მოწმე და დღემდე არ არის მიღებული ზოგიერთი ექსპერტიზის პასუხი. გარდა ამისა, ორგანიზაციის თქმით, მიუხედავად გარკვეული გარემოებებისა, მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი ჯერ კიდევ არ მინიჭებია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ გააგრძელებს მზია ამაღლობელის უფლებების დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და პროცესის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას.

ჟურნალისტი 2025 წლის 12 იანვარს, ბათუმში, საპროტესტო შინაარსის სტიკერების გაკვრისას მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს.



 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს სახალხო დამცველი, ქალთა საერთაშორისო დღე-სთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს მოუწოდებს,
გადადგას სისტემური და ეფექტიანი ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვისა და
გაძლიერებისთვის.
19:16 / 08.03.2026
საქართველოს სახალხო დამცველი, ქალთა საერთაშორისო დღე-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს მოუწოდებს, გადადგას სისტემური და ეფექტიანი ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვისა და გაძლიერებისთვის.
09:44 / 08.03.2026
"რაც შეეხება ჭიათურას, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენთვის. დღეს ჩვენ ვმუშაობთ ჭიათურის განვითარების გეგმაზე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.