ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი ნატალია
თურქაძე აცხადებს, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოში
იდავებს.
მისი თქმით, უკვე მიმართა სკოლას და გამოითხოვა დისციპლინური საბჭოს
მიერ შესწავლილი მასალები, რომლის მიწოდებისთვისაც ადმინისტრაციას
შვიდდღიანი ვადა აქვს.
საქმე კურსდამთავრებულებისგან მიღებულ საჩუქარს ეხება. ნატალია
თურქაძის განმარტებით, გასულ წელს, მე-12 კლასის მოსწავლეებმა სკოლის
დასრულების შემდეგ, 13 ივნისს გამართულ გამოსაშვებ ბანკეტზე,
სიურპრიზად გააჟღერეს, რომ ყოფილ დამრიგებელს იტალიის საგზურს
ჩუქნიდნენ. თავად იტალიაში 7 ივლისს გაემგზავრა.
მისი თქმით, თუ საჩუქრის მიღება ეთიკურ ნორმებს არღვევდა, დირექტორს
შეეძლო ეს საკითხი მაშინვე დაეყენებინა, რადგან ინფორმაცია საჯაროდ,
ბანკეტზე გახდა ცნობილი.
გათავისუფლებული პედაგოგის თქმით, 23 თებერვალს დირექტორმა
გათავისუფლების ბრძანება გამოსცა, რის შესახებაც თავად მომდევნო დღეს,
24 თებერვალს, სკოლაში ყოფნისას შეიტყო.
ნატალია თურქაძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია ქუთაისის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის განმარტება.
"გასაგებია მათი პოზიცია, მაგრამ ამ საკითხს ჩემთან რა კავშირი
აქვს? როგორც ვთქვი, ეს ახალგაზრდები იყვნენ კურსდამთავრებულები.
ამიტომ ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენდა მათ შეფასებაზე", -
ამბობს პედაგოგი.
სკოლიდან გათავისუფლებულ პედაგოგს კოლეგები მხარდაჭერას
უცხადებენ.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები