ახალი ამბები
"საჩუქრების მიღება უნდა დასრულდეს" - რა მოხდა ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლაში
FaceBook
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მშობლების ნაწილი გათავისუფლებული პედაგოგის, ნატალია თურქაძის  სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

სკოლის დირექტორმა ეკატერინე დოლიძემ აღნიშნული პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების მიზეზად მშობლების მიერ შეგროვებული თანხის მიღება დასახელდა.

შემთხვევა გასული წლის ზაფხულს უკავშირდება, როდესაც ნატალია თურქაძე მშობლების მიერ აკრეფილი თანხით სამოგზაუროდ გაემგზავრა და ამის შესახებ მადლობის პოსტი სოციალურ ქსელში თავადვე გამოაქვეყნა.

სკოლის დირექტორი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ასევე, ამ დრომდე  ვერ შევძელით გათავისუფლებულ პედაგოგთან დაკავშირება.  მაია ცქიტიშვილი, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ პედაგოგებისთვის თანხის შეგროვებაზე საუბარი წლებია მიდის, თუმცა კონკრეტული ფაქტი აქამდე არ დადასტურებულა. მისი თქმით, მოცემულ შემთხვევაში თავად პედაგოგის მიერ გამოქვეყნებულმა ფეისბუქპოსტმა დაადასტურა ფაქტი, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

რაც შეეხება გადაწყვეტილების დროულობას, მაია ცქიტიშვილი განმარტავს, რომ ახალი წლის დღეებში კვლავ გააქტიურდა თანხის შეგროვება. ერთ-ერთმა მშობელმა, რომელსაც ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა,  განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკა და ფაქტობრივი გარემოებები წარადგინა, რის შემდეგაც საკითხზე  რეაგირება მოხდა.

„გვინდა, რომ ასეთი ფაქტები აღარ იყოს და  ასეთი ფაქტები არ უნდა. მე, როგორც მშობელი, ვგმობ ასეთ ფაქტებს. არანაირად არ შეიძლება ფასიანი საჩუქრების მიღება. აქ არის მშობლების ორი მხარე, ერთი მხარე ამას ჩვეულებრივ ნორმად მიიჩნევს, ხოლო მეორე ამას აპაროტესტებს და დირექციას სთხოვს მიიღოს გადაწყვეტილება",  – ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში  მაია ცქიტიშვილი. 

ცქიტიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის გარკვეულწილად უცნაურია, რომ მშობლების ნაწილი პედაგოგის სკოლაში დაბრუნებას ითხოვს, მაშინ როდესაც თავადვე ჰქონდათ პრეტენზიები თანხის შეგროვებასთან დაკავშირებით.

მასწავლებლის ქცევას   მასწავლებლის  საქართველოს პროფესიული ეთიკის კოდექსი განსაზღვარვს

საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში პირდაპირი ფორმულირებით არ არის გაწერილი პედაგოგის მიერ მშობლებისგან საჩუქრების მიღების აკრძალვა, თუმცა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის პრინციპები და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი ავალდებულებს პედაგოგს იმოქმედოს მიუკერძოებლად, არ გამოიყენოს პროფესიული სტატუსი პირადი სარგებლისთვის და არ დაუშვას ინტერესთა კონფლიქტი.

Print