საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ადგილობრივი ტურიზმის
მაჩვენებლები შემცირდა.
დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით,
გასულ წელს ქვეყნის ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი
ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 მლნ 333 ათასი იყო, ხოლო მათ
მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 მლნ 642
ათასი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით
1.6%-ით შემცირდა, მაშინ როცა ვიზიტების რაოდენობა 0.2%-ით
გაიზარდა.
ამავე მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ
განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა
700 ათასი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 4.9%-ით ნაკლებია.
სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტორების უდიდესი წილი — 36.4% — 31–50 წლის
ასაკობრივ ჯგუფზე მოდიოდა, ხოლო ქალები ვიზიტორთა საერთო რაოდენობის
56.5%-ს შეადგენდნენ.
რეგიონული განაწილებით, ვიზიტორების 36.8% თბილისის მცხოვრები იყო,
15.6% — იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებზე
მოდიოდა, 9.3% — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაზე, ხოლო დანარჩენი
რეგიონები შედარებით მცირე წილებით არის წარმოდგენილი.
კვლევის თანახმად, 2025 წელს განხორციელებული ვიზიტების უმრავლესობა
(52.3%) მეგობრებისა და ნათესავების მონახულებას უკავშირდებოდა.
საანგარიშო პერიოდში ვიზიტების ყველაზე მაღალი საშუალო თვიური
რაოდენობა დაფიქსირდა იმერეთის რეგიონში — 364.9 ათასი ვიზიტი, და
თბილისში — 357 ათასი ვიზიტი.
რაც შეეხება ხარჯებს, 2025 წელს ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური
დანახარჯი 297.7 მილიონი ლარი იყო, რაც 2024 წელთან შედარებით 0.8%-ით
ნაკლებია. ამავე პერიოდში ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1%-ით შემცირდა
და 181.3 ლარი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები