ახალი ამბები
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
FaceBook
საქართველოს საპატრიარქომ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II- ის ყოველწლიური, საშობაო ეპისტოლე გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე და სიტყუაჲ მამისაჲ მოვალს შობად...
და დამბადებელი ყოველთა დაბადებულთაჲ დაებადების“ (მიქაელ მოდრეკილი)

უფლის მოწყალებით, კვლავ დადგა ყველაზე იდუმალი ჟამი, ჟამი იესო ქრისტეს ამ ქვეყნად მოვლინებისა. ეს ყველაზე დიდი სიახლეა სამყაროს შექმნიდან დღემდე მომხდარ და მომავალშიც მოსახდენ სასწაულთა შორის, რადგან ვერაფერი შეედრება წუთისოფელში დაუსაბამო ღმერთის ხორციელად შობის საოცრებას.

მცირედით მაინც რომ ვიგრძნოთ ამ მოვლენის სიდიადე, შეგახსენებთ საყოველთაოდ ცნობილ რეალობას: სამყაროში მილიონობით ვარსკვლავია, რომელნიც ქმნიან გარკვეულ ჯგუფებს,- გალაქტიკებს. ჩვენს გალაქტიკას „ირმის ნახტომს“ უწოდებენ. იგი იმდენად დიდია, რომ სინათლის სიჩქარით (ანუ წამში 300 000 კილომეტრით) მოძრავ ტალღას მისი ერთი ბოლოდან მეორემდე მისაღწევად 100 000 წელი მაინც დასჭირდება.

ასეთი გალაქტიკები კი კოსმოსში უთვალავია; თითოეული მათგანი დიდი კანონზომიერებით იმართება და ღაღადებს, რომ ყოველივე ხილულისა და უხილავის შემქმნელი არის დაუსაბამო და უსასრულო უფალი.

გამაოგნებელია, რომ სწორედ უჟამო იგი, ჟამიერი გახდა; ყოვლისმპყრობელი არსთა გამრიგე, მსგავს ჩვენდა ქმნილი, ერთ-ერთი გალაქტიკის უმცირეს ნაწილში, დედამიწაზე, ზამთრის ცივ ღამეს, ბეთლემის ბაგაში მწოლი, წარუდგა სამყაროს.

ასეთი სიმდაბლით განგვეცხადა ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი, იესო ქრისტე, რათა შობიდანვე და შემდგომ, 33 წლის მანძილზეც, მოეცა ჩვენთვის პირადი მაგალითი თავმდაბლობისა, მოთმინებისა, სიმართლისა, მშვიდობისა… და, რა თქმა უნდა, სიყვარულისა.

რით დავიმსახურეთ შენი ასეთი თავდადება, უფალო?

რას წარმოადგენს ადამიანი, რა ღირსება აქვს, რომ ასეთი პატივი მიაგე მას?

თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ ნებისმიერი ჩვენგანი საოცრებაა; საოცრებაა თითოეული ჩვენი ორგანოც, მათი ფუნქცია და მუშაობის მექანიზმი. ავიღოთ თუნდაც ტვინი, რომელიც მოიცას 86 მილიარდამდე ნეირონს და ასეულობით ტრილიონ მათ ურთიერთდამაკავშირებელ რგოლს, რომელნიც ტვინში ყოველდღიურად მილიონობით ბრძანებას ატარებენ ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებიან, რადგან თითოეული მათგანი გარემოცულია ერთგვარი ველით. ამ მოქმედებების სირთულე კი ჩვენს ყოველგვარ წარმოდგენას აღემატება. ამასთან, ეს მხოლოდ მცირე გამოვლინებაა იმ შესაძლებლობებისა, რაც ჩვენშია ჩადებული.

ნუთუ ეს ყველაფერი არაფრისმომცემი, უშინაარსო, წარმავალი ყოველდღიურობისათვის გვებოძა?

ცნობილია ისიც, რომ დედამიწაზეც და მზის სისტემაშიც, საერთოდ, ჩვენს გარშემო არსებულ კოსმოსში, ყოველივე დიდი სიზუსტით არის გათვლილი და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის არსებობისათვის ქმნის სათანადო პირობებს; წელიწადის დროთა მონაცვლეობა, მცენარეთა, ცხოველთა, ფრინველთა, ზღვის ბინადართა სიმრავლე ... წყალი, ჰაერი, მიწა... მათი შეზავება და დანიშნულება... ადამიანს ემსახურება.

ანუ ჩვენ, ჩვენდა გაუცნობიერებლად, განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ ვიმყოფებით, ენით უთქმელი შესაძლებლობისანი ვართ და ჩვენი ამქვეყნად მყოფობა, ბუნებრივია, არ შეიძლება შემთხვევითი და უაზრო იყოს;
და მართლაც, იგი დიდ დატვირთვას ატარებს და დიდი მიზნის განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს.

ეს კარგად იცოდნენ გაცილებით ადრეც, წინარე საუკუნეებში.

აი, რას წერდნენ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (IVს.) და წმინდა გრიგოლ პალამა (XIVს.): „ადამიანი დიადი სამყაროა მცირე დასახულობაში განცხადებული“, „იგი ყოველივე ქმნილის ერთიანობაა, რომელიც ხილულ სამყაროს აკავშირებს ღმერთთან“.

წმინდა წერილი კი ასეთ საოცარ საიდუმლოს გვიმხელს: „ღმერთი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქვენ ყოველნი“ (ფს. 8. 1, 6,). „ნუთუ არ იცით, რომ ღმერთის ტაძარნი ხართ, და სული ღმრთისა დამკვიდრებულია თქვენში?“ (I კორ. 3.16).

ე. ი. ჩვენ შემოქმედის თანაზიარნი ვართ! მისნი ვართ! დაცემულნი, ცოდვით დამძიმებულნი, მაგრამ მაინც მისნი! ამიტომაც, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენს ჩვენდამი; ჩვენ კი რით ვპასუხობთ ამ სიყვარულსა და ნდობას?!
***

2025 წელს ქრისტიანულმა სამყარომ აღნიშნა ნიკეის I მსოფლიო კრების 1700 წლისთავი. ეს კრება კაცობრიობისათვის იქცა დიდი შემობრუნების საწყისად. მან განსაზღვრა ქრისტიანული მსოფლიოს ერთიანი რწმენა, საეკლესიო წესრიგი, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ახალი მოდელი, რაც შემდგომში მთელი აღმოსავლეთ-დასავლეთის ცივილური პოლიტიკური და სოციალური არქიტექტონიკის საფუძვლად იქცა.

საამაყოა, რომ ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ანუ 326 წელს, საქართველომ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა აღიარა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა იმ დროინდელი სამყაროს მოწინავე ქვეყანათა შორის იყო თავისი სულიერი ღირებულებებით, სამართლიანობის სწორი აღქმით და იმ უმაღლესი იდეალებისადმი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით, რაც ნიკეის კრებამ ქრისტიანული მსოფლიოსათვის განსაზღვრა.

სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადება იყო შედეგი იმ რწმენისა, რომელიც მოციქულების დროიდან, ანუ I საუკუნიდან, დაითესა ჩვენს ერში.

დღეს, როდესაც არაერთი კულტურული და მსოფლმხედველობითი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, 325-326 წლების მონაკვეთი და ისტორიული თანხვედრა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ქართველი ერის სიძლიერე ეყრდნობა ქრისტიანული ღირებულებების ერთიანობას, სულიერ და სამოქალაქო წესრიგს და იმ არჩევანს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 1700 წლის წინ შეუდგა. ამ ღირებულებათა დაცვა არის არა მხოლოდ წარსულისადმი ერთგულება, არამედ მომავალშიც ჩვენი სწორი ორიენტირის უმთავრესი პირობაც, რადგან უფალი და მისი სწავლება ჭეშმარიტია და დროის ცვალებადობას არ ექვემდებარება.

მაგრამ თანამედროვე ადამიანი ხშირად ვერ წვდება უფლისმიერ ჭეშმარიტებას, ვერ ხვდება თავისი სიცოცხლის აზრს და ვერ აცნობიერებს, რატომ უნდა თქვას უარი ცოდვისმიერ მიწიერ კეთილდღეობაზე, ან სწორად როგორ წარმართოს თავისი ყოველდღიურობა.

***
სამოთხიდან ჩვენი გამოდევნა სასჯელი იყო და არის, თუმცა, დედამიწაზე ჩვენი მწირობის პერიოდი, როგორ ხანგრძლივადაც არ უნდა მოგვეჩვენოს იგი, მეტად მცირე ხნით შემოიფარგლება. ღვთის მოწყალებით, განეგო ისე, რომ ეს, მართლაც, წუთის-სოფელი, მარადიულობასთან შედარებით, სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენი სულიერი სამყარო გამოვლინდეს და ჩვენი შინაგანი ბუნება წარმოჩინდეს.

დედამიწაზე ჩვენ შეზღუდულნი ვართ როგორც დროში, ისე შესაძლებლობებით. ჩვენი საქმიანობით, აზროვნებით, მეტყველებით, განწყობით... ჩვენ მხოლოდ ვქმნით საწინდარს მომავალი სულ სხვა ცხოვრებისათვის. სახარებისეული შედარება რომ მოვიშველიოთ, ერთგვარად ვაყალიბებთ ამა თუ იმ სახეობის მცენარის თესლს და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენი ცხოვრებით გამოძერწილი ჩვენი სულიერი სამყარო რა გამოვლენას ჰპოვებს მარადიულობაში: აღმოცენდება იგი კეთილ ნერგად, კეთილ ხედ, სარეველად თუ ღვარძლად.

როგორი იქნება ჩვენი მდგომარეობა გარდაცვალების შემდეგ?

ამაზე ფიქრი და ამისთვის ზრუნვა უნდა იქცეს თითოეული ჩვენგანისთვის უპირველესად.

ღმერთს ყველას გადარჩენა და ცხონება სურს, ამიტომაც, ყველა დროში ყველა თაობას შესაბამისად წვრთნიდა და სულიერ საფეხურებზე თანდათანობით აჰყავდა; ზოგჯერ - ტკივილითა და მწუხარებით, ზოგჯერ - გულმოწყალებით, ხან - განსაცდელებით, ხან კიდევ მშვიდობისა და სიკეთის მიფენით...

წარმართულ პერიოდში სჯულის მიცემით მხოლოდ ებრაელთა ერს ებოძა სწავლება ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ და მიეცა ცოდნა ავისა და კარგის გარჩევისა, ღვთისსათნო ცხოვრებისა. რთული გზა გაიარა ისრაელმა, მაგრამ შეძლო, შემოქმედისთვის მიეგებებინა ღირსეულ მეფეთა, მსაჯულთა, წინასწარმეტყველთა და სხვა წმინდანთა დასი; რაც მთავარია, შეძლო, მიეგებებინა ადამის მოდგმის მშვენება და ბრწყინვალე სამკაული, - მარადქალწული დედა უფლისა, ყოვლადწმინდა მარიამი, - კიბე ღვთის ქვეყნად ჩამომყვანებელი.
და, აი, იშვა მხსნელი იესო; მაგრამ ბეთლემში სიკვდილის დამთრგუნველის მოვლინებას ქვეყნის მმართველნი სიხარულით არ შეხვედრიან; პირიქით, მისი მოკვლა იქცა მეფე ჰეროდეს მთავარ მიზნად, რადგან მასში თავისი ძალაუფლების დამხობის საშიშროებას ხედავდა; ამიტომაც, ჰეროდეს ბრძანებით, ათასობით ჩვილ ყრმას სიცოცხლე მოუსწრაფეს იმ იმედით, რომ მათ შორის აუცილებლად იქნებოდა იესოც.

მაცხოვრისგან განდგომის და მისი უარყოფის მცდელობა, I საუკუნიდან მოყოლებული, სხვადასხვა სახით გამოვლენილი, დედამიწაზე ყოველთვის იყო: ამახინჯებდნენ მის მცნებებს, დასცინოდნენ მორწმუნეთ, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეებს ან, საერთოდაც, ქადაგებდნენ უღმერთობას...

ეს ყოველივე ნათლად მეტყველებს კაცთა მოდგმის დიდი ნაწილის მეტად სამწუხარო მდგომარეობაზე; იმაზე, რომ ისინი არა მხოლოდ შეეჩვივნენ ცოდვას, არამედ ცოდვასთან ერთად ყოფნა მოსწონთ; იმდენად შეეთვისნენ თავის დაცემულ მდგომარეობას, რომ გამოსწორების სურვილი აღარ აქვთ და მარადიული სატანჯველისათვის სწირავენ თავს, რადგან ასე ყოფნა სურთ.

ყველაზე საშიში სწორედ ეს არის, - როცა სულიერი სიკვდილი შინაურდება და ნამდვილი სიცოცხლე უცხო ხდება!

***

განკაცებულმა ღმერთმა, რომლისგანაც „შეიქმნა ყოველი ... ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი“ (კოლას. 1.16), კაცობრიობას ახალი მცნების მთავარი არსი ამ სიტყვებით განუცხადა: „გიყვარდეთ ერთმანეთი და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე, გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი" (იოანე 13,34), რაც სხვისთვის (მოყვასისთვის) თავდადებულ სიყვარულს გულისხმობს. (რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი სიყვარული უნდა ეკუთვნოდეს ღმერთს და შემდეგ, ნებისმიერ პიროვნებას, როგორც ღვთის ხატს).

მეტად მნიშვნელოვანია, რომ მაცხოვარს ჩვენთვის არ განუსაზღვრავს, მოყვასი კეთილი უნდა იყოს, თუ - ბოროტი, წარმატებული, თუ - წარუმატებელი, მდიდარი, თუ - ღარიბი, გონიერი, თუ - უგუნური...

ჩემს მსგავსად გიყვარდეთ ერთმანეთი! - ეს ერთადერთი, მაგრამ, სინამდვილეში, მრავლისმომცველი მოთხოვნა მოგვეცა შესასრულებლად!

უფალი თავის თავს უძღვნის ყველას და, სიყვარულის სიდიადიდან გამომდინარე, ჩვენც მოგვიწოდებს, რათა მის მიერ მოცემული ადამიანობის მაგალითი ყველამ გავიზიაროთ და მისნი გავხდეთ.

ერთი შეხედვით, თითქოს იოლია ამ მცნებით ცხოვრება, მაგრამ ამ ქვეყნად ეშმაკისაგან ათასნაირი საცდური და მახეა დაგებული და ჩვენი გონება ხშირად ვერ აცნობიერებს, სინამდვილეში ვისი მსახურნი ვართ. ამიტომაც ვცდებით, საკუთარი თავი კი მართალი გვგონია.

მაგალითად, დღეს სიყვარულზეც და თავისუფლებაზეც ყველა ლაპარაკობს, მაგრამ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ცოდვის და ცოდვითი ცხოვრების სიყვარულს ჭეშმარიტ სიყვარულთან აიგივებს და ისინიც, ვინც ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნევენ.

სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ ღირსეულ სვლას, დათმენასა და პატიებას; ვინც ნებისმიერ ადამიანში, ცოდვათა სიმძიმის მიუხედავად, მაინც დაინახავს ხატებას ღვთისას და ბოროტებაზე ბოროტებით არ უპასუხებს.

იაკობ მოციქული გვაფრთხილებს: „ბოროტი ენა ცეცხლია, სიცრუის სამკაული... მას ისეთი ადგილი უჭირავს ჩვენი სხეულის ნაწილებს შორის, რომ ბილწავს მთელ სხეულს... იგი აღვირახსნილი ბოროტებაა, სავსე მომაკვდინებელი გესლით“ (იაკობი 3,6-8), ხოლო „ვინც არ სცოდავს სიტყვით, ის სრულქმნილი კაცია“ (იაკობი 3.2).

უფალი თავს არაფერს გვახვევს; „ადამიანის წინაშეა სიცოცხლე და სიკვდილი და რომელსაც ისათნოებს, ის მიეცემა" (ზირაქი 15,17).

შენ ნუ შეგეშინდება სახარებისეული უფლის მცნებების, მოციქულთა და წმ. მამათა დარიგებების მიხედვით შენი ცხოვრების განახლებისა; წინ აღუდექი იმ უკეთურ სურვილებსა და მიდრეკილებებს, რაც ღვთის მიერ დადგენილი წესების მტრად გაქცევს, რაც შენს რწმენას აზიანებს, რყვნის და მას უნაყოფოსა და უსარგებლოს ხდის.

იღვაწე და იბრძოლე სიცოცხლისათვის, მარადიული სიცოცხლისათვის; ღვთისგან შენთვის ბოძებული შესაძლებლობების გამოვლენისა და აღორძინებისათვის; უფალს შენთვის ისეთი ჯვარი არ მოუცია, რომლის ტარებასაც ვერ შეძლებ. მაშ, მოინდომე და იცხოვრე არა მოჩვენებითი, არამედ ჭეშმარიტი სიყვარულის კანონებით, რათა განიღმრთო და მარადიულობაში იხარო.

***

და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ:
ქრისტეს შობა დღესაც და მარადჟამს მოქმედი საიდუმლოა, რომელმაც საფუძველი დაუდო პიროვნების გარდაქმნის პროცესს. ამასთან, მან ფუნდამენტურად შეარყია არსებული მდგომარეობა და მთელი ხილული სამყარო ღვთის შემწყნარებელ სივრცედ აქცია; თავად შემოქმედმა მიიღო თავისი ქმნილება და უხრწნელმა შეიმოსა ხრწნადი ბუნება, რათა ხრწნადობაში თავისი უხრწნელების ძალა დაენერგა და იგი ღვთისმიერი სიცოცხლისთვის ეზიარებინა.

ამით კი ჩვენი არსებობის ჭეშმარიტი აზრი და დანიშნულება გამობრწყინდა, მოეხსნა კრეტსაბმელი იმ რეალობებს:

რომ სიკვდილი და ხრწნილება არაა ჩვენი ბუნების არსი;

რომ ჩვენ ზეცის სიმაღლეებისა და მარადიული ცხოვრებისათვის ვართ მოწოდებულნი;

რომ ღვთის ჭეშმარიტი სიყვარული და ადამიანისადმი ჩვენი ნამდვილი სიყვარული განუყოფელია;

რომ ამ ურთიერთობაში უნდა დაიბადოს ახალი ცხოვრება, რომელიც კაცობრიობას მშვიდობის, ერთობისა და განახლებისკენ მოუწოდებს;

და რომ ღვთის განკაცების საიდუმლოს მიღმა უკვე ვეღარაფერი დარჩება: ვერც წარსული, ვერც აწმყო და ვერც მომავალი!

***

ქრისტეს სახარებით გახარებულო, ზეციური მადლითა და უფლის წყალობით აღვსილო რჩეულო მართლმადიდებელო ერო, ცხოველსმყოფელი რწმენით, იმედითა და სასუფევლის დამკვიდრების სურვილით აღძრულო სამწყსოვ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ცისა და ქვეყნის მოლოდინის გამობრწყინებას, - უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს შობას!

დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, უნდა დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი, დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვარძლი და ღვთისადმი სიყვარულით აღძრული ჩვენი გონება, სული და გული ანთებული სანთლით სულიერად უნდა წარემართოს წმინდა მიწისკენ, რათა, ქალდეველ მოგვთა და ბეთლემში მყოფ მწყემსებთან ერთად, ანგელოზთა გუნდს შევუერთოთ ჩვენი ხმაც და სიხარულით აღმოვთქვათ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“

ამ იდუმალ ღამეს განსაკუთრებულად გევედრები, ჩვენი ხსნისათვის განკაცებულო, ბეთლემს შობილო ყრმაო, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, ზეციურნო ძალნო, ყოველნო წმინდანო ღვთისანო, დაგვლოცეთ და დალოცეთ სრულიად საქართველო, მკვიდრნი მას შინა, სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამემამულენი; მშვიდობა მომადლეთ მსოფლიოს, განგვაშორეთ სიმძიმე ჩვენი დაცემული ბუნებისა, ერთობითა და ჭეშმარიტი სიყვარულის ნიჭით გვაკურთხეთ და ღვთის თანაზიარნი გვყავით ყოველნი.

ქრისტე იშვების, - უგალობდეთ!
ქრისტე ზეცით გარდამოვალს, - მიეგებვოდეთ!
ქრისტე ქუეყნასა ზედა, - ამაღლდებოდეთ!
უგალობდით უფალსა ყოველი ქვეყანა!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი",- აღნიშნულია საშობაო ეპისტოლეში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.