კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებასთან
დაკავშირებით ქუთაისის მერი განმარტებას აკეთებს.
დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ კომპანია, რომელიც ქუჩის კეთილმოწყობის
სამუშაოებს ასრულებს, არ გამოდგა "სინდისიანი".
როგორც დავით ერემეიშვილი განმარტავს, საკითხით პირადად არის
დაინტერესებული და იმედოვნებს, რომ ქუჩის რეაბილიტაცია მალე
დასრულდება.
"კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია, ერთ-ერთი, ალბათ, პრობლემატური
საკითხია ქალაქისთვის და ჩემთვისაც, პირადად, იმიტომ რომ თავის დროზე
მოხდა რაღაცების კომპანიასთან არასწორი გათვლების გაკეთება. არ
გამოდგა სინდისიანი კომპანია, რომელმაც გააჭიანურა ეს სამუშაოები,
მაგრამ უკვე იმ დონემდე ვართ მისული, საფარის დაგება ორივე ფენის უკვე
უნდა დასრულდეს და დარჩება მხოლოდ განათების სისტემა მოსაწესრიგებელი.
ყოველდღიურ რეჟიმში ვარ ჩართული და მაქვს იმედი, რომ დროულად
დავასრულებთ",- აცხადებს დავით ერემეიშვილი.
ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ წელზე
მეტია, მიმდინარეობს. კომპანია "ჯეო კონსტრაქშენ ენდ სისტემს ინკ
საქართველოს ფილიალი" სამუშაოებს 2 198 732 ლარის სანაცვლოდ
ახორციელებს.
კოსტავას ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაცია 2024 წლის ივნისში დაიწყო.
მართალია, სამუშაოები 9 თვეში, ანუ მიმდინარე წლის თებერვალში უნდა
დასრულებულიყო, თუმცა, ხელშეკრულებაში მალევე შევიდა ცვლილებები და
სამუშაოების დასრულების თარიღი ხუთჯერ გადავადდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს შიდა
გზას, რომლის სიგრძეც 746 მეტრია. ასევე, გათვალისწინებულია კოსტავას
ქუჩის მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაციაც. გზის ორივე მხარეს მოეწყობა
ტროტუარები, ბორდიურები და სანიაღვრე არხი.
მასალის გამოყენების პირობები