ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის
რეკონსტრუქცია, რომელსაც "ოცნების" ხელისუფლება ჯერ კიდევ 10 წლის წინ
გეგმავდა, ახლა იწყება.
"რამდენიმე დღეში დაიწყება ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქუთაისის
ცენტრალური ბიბლიოთეკის ისტორიული შენობის აღდგენა", - განაცხადა
ინფრასტრუქტრის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, რომელიც ქუთაისში 19
ოქტომბერს იმყოფებოდა.
მისი თქმით, ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისა და რესტავრაციის პროექტის
ფარგლებში, გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული გამაგრება,
არქიტექტურული იერსახის აღდგენა, შიდა სივრცეების განახლება და
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო სისტემების მოწყობა.
ასევე, მოეწყობა მრავალფუნქციური სივრცეები, სადაც შესაძლებელი იქნება
როგორც საგანმანათლებლო ისე კულტურული ღონისძიებების გამართვა.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი
განახორციელებს.
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა წლებია, ამორტიზებულია. შენობის კედლები
დაბზარულია, ჭერი კი - ავარიულ მდგომარეობაში, რის გამოც შენობაში
გადაადგილება უსაფრთხო არ არის. ორი წლის წინ ბიბლიოთეკის ერთ-ერთი
განყოფილების ოთახში,
ჭერის ნაწილიც ჩამოიშალა.
ბიბლიოთეკისთვის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას ქუთაისის მერია
2015 წლის გაზაფხულიდან გეგმავდა, რისთვისაც მსოფლიო ბანკისგან სესხის
სახით 1 821 790 ლარის მიღება დაანონსდა, თუმცა, მოგვიანებით,
ადგილობრივ თვითმმართველობაში განაცხადეს, რომ შენობის რეკონსტრუქციის
საკითხი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის
საფუძველზე შეჩერდა. სამხარაულის ბიუროს 2016 წლის 9 მარტით
დათარიღებულ დასკვნაში ეწერა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
ავარიულ მდგომარეობაში იყო და ის რეკონსტრუქციას არ ექვემდებარებოდა.
განიხილებოდა ბიბლიოთეკის სხვა შენობაში გადატანის საკითხიც.
ბოლოს, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა ხელისუფლებას 2022 წლის 2 აპრილს
გაახსენდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ირაკლი ქარსელაძე აცხადებდა, რომ შენობას სრული რეკონსტრუქცია
ჩაუტარდებოდა. ბიბლიოთეკის დირექტორი
გია ქობალიანიც
ამბობდა, რომ ბიბლიოთეკას მდგრადობაზე 2023 წელს ჩაუტარდა
ექსპერტიზა, რომლის მიხედვით, დასაშვებად გამოცხადდა ობიექტის
კაპიტალური რემონტი. ის აცხადებდა, რომ ცენტრალური ბაღის
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ დაიწყებოდა ბიბლიოთეკის
რესტავრაცია.
ქალაქის ცენტრში საჯარო ბიბლიოთეკის შენობა თითქმის ორი საუკუნეა
დგას. მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მისი
აშენების თარიღად მე–19 საუკუნის 30–იან წლები სახელდება. შენობას
გასული საუკუნის 70–იან წლებში საცავის კორპუსი მიაშენეს. ახლა მისი
საერთო ფართი 2000 კვ.მ.–ს შეადგენს.
ამავე თემაზე:
მუშაობა ბიბლიოთეკის ნგრევად შენობაში - ათი წელი
რეკონსტრუქციის მოლოდინში
ქუთაისის მერიაში დღემდე არ იციან როდის დაიწყება 8
წლის წინ დაგეგმილი ბიბლიოთეკის რეკონსტრუქცია
მასალის გამოყენების პირობები