ახალი ამბები
"მთავრობა თუ არ მოგვაქცევს ყურადღებას, თბილისში გადავინაცვლებთ"- საირმის პროტესტის მონაწილეები
FaceBook
კურორტ საირმის მცხოვრებლების პროტესტმა, შესაძლოა, თბილისში, მთავრობის სახლთან გადაინაცვლოს.
საირმის მკვიდრები, რომლებმაც ექვსთვიანი პროტესტით, "ოცნების" ხელისუფლების ყურადღება ვერ მიიქციეს, ამბობენ, რომ თუ მთავრობა მათი პრობლემით არ დაინტერესდება, ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი თბილისში გამართავენ აქციებს.

ისინი, სამონადირეო მეურნეობის ლიცენზენციის გაუქმების მოთხოვნით, ყოველ შაბათ-კვირას, შპს "კურორტ საირმესთან" იკრიბებიან, ვინაიდან სამონადირეო მეურნეობის ლიზენცია სწორედ კურორტის მფლობელის, თემურ კოხოძის კომპანიაზე გაიცა.

"ჩვენი პროტესტი გრძელდება, თუმცა რჩევნების დღეებში, რადგან ყურადღებას არ მივიქცევდით, აქცია არ გვქონია. ამ შაბათ-კვირიდან ისევ გავაგრძელებთ პროტესტს. გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა: გაუქმდეს სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია, რომელიც ეწინააღმდგება ტრადიციულ საქმიანობას და არ არის თავსებაში ადგილობრივ მოსახლეობასთან. აქ ოჯახებია, ბავშვები იზრდებიან, ტურიზმი ვითარდება, ამიტომ ნადირობა და დაქირავებული ხალხი, ფული გადაიხადონ, შეუშვან და ინადირონ, ეს ჩვენთვის მიუღებელია", - განმარტავს "ქუთაისიპოსტთან" კურორტ საირმის მკვიდრი ვეფხია მესხია.

საირმის მცხოვრებლები აქციებს ბაღდათის მერიის წინაც მართავენ, რადგან, როგორც განმარტავენ, სწორედ მერიამ არ უზრუნველყო სამონადირეო მეურნეობის პროექტის საჯარო განხილვა ადგილობრივების ჩართულობით.

"ბაღდათშიც რამდენჯერმე ვიყავით, რადგან ჩვენ პრეტენზია გაგვაჩნია ყოფილ მერთან. ინფორმაცია გვაქვს, რომ ძალიან დაჩქარებული წესით მიიღეს ყველაფერი, დამალეს ადგილობრივი მოსახლეობის სიები და მიიწვიეს სულ სხვა ხალხი პროექტის განხილვაზე. 26 ადამიანი გაასაღეს ადგილობრივებად, რომლებიც საირმესთან კავშირში არ არიან და ცხოვრობენ 40 კმ-ის მოშორებით. შესაბამისად, მერიასთანაც გვაქვს პრეტენზია",- ამბობს ვეფხია მესხია.

პროტესტის პარალელურად, ვეფხია მესხიას დის, ლელა მესხიას წინააღმდეგ, ბაღდათის პოლიციაში საჩივარია შეტანილი (შპს "კურორტ საირმის" ადმინისტრაციის მიერ). მანამდე კი საპოლიციო ჩხრეკა ჩაატარეს თავად ვეფხია მესხიას სახლში.

"გუშინ იყო გამომძიებელი ჩემს დასთან და დედაჩემთან. სასტუმროს დაცვის უფროსმა რომ საჩივარი დაწერა, დაგვწყევლა და ჩმორი გვიძახაო, იმასთან დაკავშირებით. წვრილმანი ხულიგნობა არისო, სასამართლოში გადავაგზავნით საბუთებს და სასამართლო გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა წარმოებაშიო.

ჩემს სახლში რომ ჩხრეკა ჩაატარეს და ჩემი კუთვნილი იარაღი რომ დროებით ჩამომართვეს, ამაზეც არაფერი არ ისმის. სამხარაულის ექსპერტიზა ჩატარდა და დადგინდა რომ კანონის ფარგლებში ჯდება ყველანაირად, წესით უნდა მოეცათ, მივედი და მითხრეს, დამატებითი ექსპერტიზა დავნიშნეთ ბალისტიკაზეო. ვფიქრობ, ხდება დროის ხელოვნურად გაწელვა. რამდენიმე დღეს დაველოდები და მერე უკვე ოფიციალურად მოვითხოვ პასუხებს ადვოკატის დახმარებით",- ამბობს ვეფხია მესხია.

კურორტ საირმეში მოსახლეობა ექვსი თვეა, 13 296 ჰა მიწის ფართობზე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, ლიცენზია უკანონოდ არის გაცემული. ამის გარდა, ლიცენზიით განსაზღვრულ სამონადირეო მეურნეობის არეალში მოქცეულია ადგილობრივების, როგორც თვითონ ამბობენ, მამაპაპისეული მიწა, რომელზეც პროკურატურა მოსახლეობას თაღლითობის ბრალდებით ედავება.

საქართველოს პროკურატურა კურორტ საირმეში 9 ოჯახს (თავდაპირველად 20-მდე ოჯახს, მაგრამ დანარჩენებმა საპროცესო შეთანხმება გააფორმეს) მიწის ნაკვეთების მითვისებას ედავება, უწყება მათ თაღლითობაში სდებს ბრალს და მეპატრონეებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურამ გამოძიება 2021 წლის დეკემბერში, სატყეო სააგენტოს საჩივრის საფუძველზე, დაიწყო. ბრალდებულები ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება კურორტ საირმის მფლობელის, თემურ კოხოძის ინტერესებს ემსახურება. სწორედ კოხოძის კომპანიაზე გაიცა სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია.

ადგილობრივების ბრალდებებზე "ქუთაისიპოსტმა" შესაბამის უწყებებს წერილები გაუგზავნა და თუმცა პასუხები ამდრომდე არ მიგვიღია.


ამავე თემაზე:


"მოცემულ სიტუაციაში დუმილი დანაშაულია" - საირმის პროტესტის მონაწილეები 24 სექტემბერს, ბაღდათის მერიასთან, აქციას გამართავენ

"საჩივარში ეწერა, გვწყევლა ლელა მესხიამ და ჩმორი გვიძახაო",- საირმის პროტესტის მონაწილე პოლიციაში, გამოკითხვაზე იმყოფებოდა

"მირეკავენ ბაღდათის პოლიციიდან, მიბარებენ გამოკითხვაზე"- საირმის პროტესტის მონაწილე

"საჩივარიაო, თითქოს მე ვიღაცას დავემუქრე" - საირმის პროტესტის მონაწილის, ვეფხია მესხიას სახლში საპოლიციო ჩხრეკა ჩატარდა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 დეკემბრამდე
საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 1
დეკემბრიდან ზოგან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.
12:56 / 28.11.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბრიდან ზოგან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.
ქუთაისში, 19 დეკემბერს, საჯარო მოხელის დღისადმი მიძღვნილი
ღონისძიება გაიმართება, რომლის ორგანიზებისთვისაც მერია ტენდერს
[NAT250021396] აცხადებს.
10:50 / 28.11.2025
ქუთაისში, 19 დეკემბერს, საჯარო მოხელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომლის ორგანიზებისთვისაც მერია ტენდერს [NAT250021396] აცხადებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.