ახალი ამბები
პროკურატურამ 4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინა
FaceBook
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დადგენილია, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს.

"კერძოდ: ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათი განცხადებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას და ამ მოქმედებების ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელი იყო მასში საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმა და გაერთიანება.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით განაცხადეს, რომ თავად აორგანიზებდნენ და ხელმძღვანელობდნენ ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებს.

იმავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ გააცნო მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა არამართლზომიერი ზემოქმედების ღონისძიებები მათთვის არასასურველი პირების მიმართ.

პაატა ბურჭულაძის მიერ დანაშაულებრივი გეგმის გაცხადების შემდეგ, მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები ერთობლივად გადაადგილებულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ, რომელსაც ძალის გამოყენებით დაიკავებდნენ და დაავალა მათ, არ დამორჩილებოდნენ სამართალდამცველებს. აღნიშნული მოწოდების შემდგომ პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, მურთაზ ზოდელავა და ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილე სხვა პირები, თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ გაემართნენ. ორბელიანის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე, ჯგუფური ძალადობის მონაწილეები მძიმე საგნების გამოყენებით და ცეცხლის წაკიდებით, მიზანმიმართულად ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას, ნაწილს კი გზის სავალ ნაწილზე ბარიკადების მოსაწყობად იყენებდნენ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ სამართალდამცველებისთვის და ხელი შეეშალათ მართლწესრიგის აღდგენისთვის.

მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები და ძალადობრივი ჯგუფის მონაწილეები მივიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციულ შენობასთან, რომელიც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს განეკუთვნება, მისი ხელში ჩაგდების მიზნით, ჯგუფურად დააზიანეს რკინის ღობე, რის შემდეგაც მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების მონაწილე არაერთი პირი შეიჭრა პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, რა დროსაც სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სამართალდამცველებს ქვებით და სხვა მძიმე საგნების გამოყენებით თავს ესხმოდნენ.

აღნიშნული ქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სტრატეგიული ობიექტის დამცავი ღობე, განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური და კერძო პირთა ქონება. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ განხორციელებული აქტიური ქმედებების შედეგად, სტრატეგიული ობიექტის - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებისა და ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი გეგმა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი, ხოლო მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.