ახალი ამბები
ფარნების მარში - 22 დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერი აქცია ქუთაისში
FaceBook

დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად, "სინათლის მარში", თბილისის შემდეგ, ქუთაისშიც გაიმართა.



„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - ეს იყო დღევანდელი მარშის მთავარი გზავნილი და ასე ეწოდება 22 ონლაინმედიის საერთო კამპანიასაც, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.

თავისუფალი მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და რიგითი მოქალაქეები, დღეს, ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბნენ, შემდეგ კი, ფარნებით, ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს.



აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ "ოცნების" ხელისუფლების რეპრესიულმა კანონმდებლობამ დამოუკიდებელი ონლაინმედია გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა, თუმცა, ჟურნალისტები, მუდმივი ზეწოლის ფონზე, თავისუფლების, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების ფასად, მაინც აგრძელებენ პროფესიულ საქმიანობას.

"ჩვენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ დამოუკიდებელი მედია საფრთხეშია. განსაკუთრებით ეს თვალშისაცემია რეგიონებში. უკვე ძალიან ბევრი მედიასაშუალება დაიხურა. უნდა ვუთხრათ ხალხს, რომ თუკი არ იქნებიან ჟურნალისტები, არ იქნება დამოუკიდებელი მედია, მათი პრობლემები არსად არ გაშუქდება და დარჩება პრობლემებად. ამიტომ, დღეს, არა მარტო ჟურნალისტებმა, არამედ საზოგადოების ნებისმიერმა წევრმა უნდა აიმაღლოს ხმა რეჟიმის მცდელობის წინააღმდეგ, დაამარცხოს და გააჩუმოს დამოუკიდებელი მედია",- ამბობს ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე. 





"სინათლე არ უნდა ჩაქრეს" 22 ონლაინმედიის ერთობის კამპანიაა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.

კამპანია, 13 აგვისტოს, ონლაინმედიების ვებგვერდების სიმბოლური გათიშვით დაიწყო. ამ აქტმა საზოგადოებას შეახსენა, თუ რამდენად რეალურია სიბნელის დადგომის საფრთხე. შეახსენა რომ, როცა თავისუფალი ხმა წყდება და საზოგადოება მიუკერძოებელ ინფორმაციას ვეღარ იღებს, სინათლესთან ჩაქრობასთან ერთად, ქრება სიმართლეც. კამპანიის მიზანიც ესაა, მკითხველს დაანახოს: დამოუკიდებელი ონლაინმედიების ერთობა; რეპრესიების ფონზე მათი გაქრობის რეალური საფრთხე და მკითხველის როლი სინათლის შენარჩუნებაში.

ამ მიზნით შეიქმნა ერთიანი პლატფორმა, საიდანაც შესაძლებელია 22 მედიის მხარდაჭერა ერთ ანგარიშზე ჩარიცხვით:

თიბისი ბანკი: #GE76TB7548536080100013
საქართველოს ბანკი: #GE06BG0000000609779465
მიმღები "ხალხის წყარო"

ემიგრაციიდან: https://www.gofundme.com/f/help-media-in-the-fight-for-democracy-in-georgia
კამპანიის ოფიციალური ვებგვერდი: https://sinatle.media/

მედიის მხარდამჭერი მარში, ერთი თვის წინ, თბილისშიც გაიმართა. რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მოქალაქეებმა ანთებული ფარნებით სოლიდარობა გამოუცხადეს დამოუკიდებელ ონლაინ მედიებს და რუსთაველზე მიმდინარე უწყვეტ პროტესტს შეუერთდნენ.

"ქართულმა ოცნებამ" ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედიის შემზღუდავი არაერთი კანონი მიიღო, რომლითაც შეუძლებელი ხდება მედიისთვის გრანტების მიღება.

არც ერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება, რომელიც ამ კამპანიაში მონაწილეობს, უცხოეთის გავლენის აგენტად არ რეგისტრირდება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ეუთო/ოდირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს,
10:55 / 08.10.2025
ეუთო/ოდირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, "სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდი ზეწოლის ფონზე პატივი სცეს თავისუფალი შეკრების უფლებასა და ადამიანის უფლებებს".
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის
4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ ხუთი პირი
დააკავეს.
10:43 / 08.10.2025
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ ხუთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.