ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი განაახლა
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, 29 სექტემბერს, სასწავლო პროცესი განახლდა.
სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ღია სივრცეში, დღეს, 12:00 საათიდან საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი. დღეს გაიმართება "მეცნიერები ფესტივალი 2025-იც".

"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, წელს, წერეთლის უნივერსიტეტში, ერთიანი ეროვნული გამოცდებით 1900 სტუდენტი ჩაირიცხა, მათგან 13 სრული დაფინანსებით ისწავლის; 70%-იანი გრანტი 20-მა პირველკურსელმა მოიპოვა, 50%-იანი დაფინანსება კი - 118-მა სტუდენტმა.

წელსაც, სტუდენტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა შემდეგი საბაკალავრო პროგრამები: სამართალი, ინგლისური, ბიზნეს-ადმინისტრირება, საერთაშირისო ურთიერთობები, დაწყებითები, მედიცინა, ქართული ფილოლოგია და ისტორია.

Naec.ge-ს ინფორმაციით, წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 31 704-მა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88 %-ს შეადგენს.

2025 წელს დაფინანსდა, ქვეყნის მასშტაბით, 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 000 - ზე მეტმა აბიტურიენტმა.

2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის - 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი.
Print