ახალი ამბები
არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ქუთაისში, მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
FaceBook
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, ქუთაისში, თანამედროვე მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირებისთვის კონკურსის [CNT250000043] გამოცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდს დაამთხვია.

5 000 მაყურებელზე გათვლილი სპორტის სასახლის პროექტირებისთვის 1 221 918 ლარის ღირებულების კონკურსი საქართველოს მუნიციპალიური განვითაარების ფონდმა გამოაცხადა.

მგფ-ის ინფორმაციით, პროექტის მიზანია ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და რეგიონში სპორტული, შემეცნებითი და ახალგაზრდული აქტივობების ხელშეწყობა.

"ქუთაისის სპორტის სასახლეში შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობა, ასევე, კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა.

პროექტის მიხედვით, სპორტის სასახლეში უნდა მოეწყოს მთავარი და სათადარიგო სპორტული დარბაზები, სატრენაჟორო სივრცე, აუზი, მსაჯების და დოპინგ-კონტროლის ოთახები.

ამასთან, შენობაში დაგეგმილია საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო სივრცის და საერთაშორისო დელეგაციების ოთახების მოწყობა. სპორტის სასახლეში განთავსდება, ასევე, სპორტული მაღაზია და კაფეტერია.

გარდა ამისა, ქუთაისის სპორტის სასახლის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 350 ადგილიანი ავტოსადგომის, რეკრეაციული ზონების, გზებისა და ბილიკების მოწყობა.

შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის",- აღნიშნულია მგფ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ქუთაისში მრავალფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობაზე დაპირება "ქართული ოცნების" პირველმა პირებმა, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახმოვანეს.


ამავე თემაზე:

ქუთაისში, მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირებისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა

ავტოდრომი და სპორტის სასახლე - რას ჰპირდება ქუთაისელებს "ოცნება" წინასაარჩევნოდ
Print