ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჭიათურაში დაკავებული
მაღაროელების საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება.
მერაბ სარალიძის, აჩიკო ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძისა და თენგო
გველესიანის საქმეზე სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
ოთხი მაღაროელი 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები
ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით
წაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის
მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა
არეში დაზიანება მიაყენეს.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ
ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს
მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე
მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში
მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ჭიათურელი მაღაროელები უკვე მეშვიდე თვეა (პროტესტის 189-ე დღეა),
უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე
დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო
რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას.
მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის
გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული
თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი
წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან
ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი
ხელმოწერა შეგროვდა.
მასალის გამოყენების პირობები