ახალი ამბები
"მირეკავენ ბაღდათის პოლიციიდან, მიბარებენ გამოკითხვაზე"- საირმის პროტესტის მონაწილე
FaceBook
საირმის პროტესტის მონაწილეს ლელა მესხიას ბაღდათის პოლიციაში გამოკითხვაზე იბარებენ.

როგორც მესხია "ქუთაისიპოსთან" განმარტავს, აქციის მონაწილეებს შპს "კურორტი საირმის" ადმინისტრაციამ წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ დამსვენებლები სასტუმროს შესასვლელთან მიმდინარე აქციის გამო, ხმაურით წუხდებიან, რის გამოც მათ ფინანსური ზარალი ადგებათ, რომლის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობის აღებაც აქციის ორგანიზატორებს მოუწევდათ.

ამასთან, წერილში, ადმინისტრაცია მოუწოდებდა მათ, შეეცვალათ აქციის გამართვის ლოკაცია და შეკრებილიყვნენ კურორტის ტერიტორიისგან მოშორებით.

როგორც ლელა მესხია განმარტავს, ეს წერილი მათ პროვოკაციის მიზნით გამოუგზავნეს, რომ ადგილობრივები, რომლებიც მშვიდობიან პროტესტს გამოხატავენ, აღშფოთებულიყვნენ.

მისივე თქმით, წერილის ხელმეორედ გადმოცემისას, ის დაცვის წარმომადგენელს, რომელიც პროტესტის მონაწილეებს თან ტელეფონით უღებდა, სიტყვიერად დაუპირისპირდა, შედეგად კი პოლიცია გამოიძახეს.

"მოგვივიდა წერილი, რომ ვითომ ვხმაურობთ სასტუმროსთან და გადაინაცვლეთ სხვა ადგილას, ლოკაცია შეიცვალეთ, თორემ ორგანიზატორს დაეკისრება ის ზარალი, რასაც ჩვენ მივიღებთ, იმიტომ რომ დამსვენებლებს აწუხებთო. იმდენად გავღიზიანდი ამ წერილის წაკითხვით, შევედი სასტუმროში, ვიკითხე, ვინ გამოაგზავნა ეს წერილი მეთქი, დავხიე და დავყარე იქვე. ვუთხარი, აწი ნახავთ თქვენ ხმაური როგორ უნდა-მეთქი. გაუჩერებლივ ვყვიროდი ერთი საათი, რომ ჩვენ აქ ვცხოვრობთ წლებია, აქ იყვნენ ჩვენი წინაპრები და კოხოძეს უნდა ჩვენი აყრა, რომ ჩვენი ჩუმად ყოფნით თავში აუვარდათ, რადგან პროტესტიც კი წყნარი გვაქვს.

ამის შემდეგ დაიწყეს ქექვა კამერებში, მაგრამ აღმოჩნდა რომ კამერები არ მუშაობდა და ჩემი ხმაური ვერ ჩაიწერეს. მეორე დღეს დაამატეს კიდევ ორი კამერა და შემდეგ შაბათ-კვირას რომ ავედით, იგივე სცენა გაიმეორეს: ანუ ისევ მოგვაწოდეს წერილი, რადგან მაშინ ჩვენი გაღიზიანება კამერებით არ აღიბეჭდა. თან, ახლა დაცვას ტელეფონი ეკავა ხელში, კამერას რომ ვაი და არ დაეფიქსირებინა ისევ რამე. ვეფხიამ უთხრა, არ ვიბარებ ამ წერილს, ერთხელ უკვე ხო მოგვიტანეთ და დაგვანებეთ თავი და უკან მისცა წერილი. დაცვა რომ იღებდა წერილს, ისე ავიჭერი, ვუთხარი, შენ ხარ სამარცხვინო ბაღდათელი, რატომ გვიღებ, გინდათ ხმაური?- აგერ გვექნება ხმაური- მეთქი. მესმის, არ უნდა წამოვგებულიყავი ამ პროვოკაციას, მაგრამ დღეს თუ არა, ხვალ ისევ რამეს მოიფიქრებდნენ. ჩემი მხრიდან იყო მხოლოდ ყვირილი და წყევლა. გამოიძახეს პოლიცია და გადასცეს ეს გადაღებული ვიდეოები. გუშინ მირეკავენ ბაღდათის პოლიციიდან, მიბარებენ, განცხადებაა შემოტანილიო. ამ ყველაფერში ცუდი ისაა, რომ იმას, ვინც მართლა ჩადის კანონდარღვევას, უპრავებენ იმ ცუდს, რასაც აკეთებს და ჩვენ, 100%-ით მართლები რომ ვართ, კიდე გვიწევს მტკიცება, დაკითხვებზე და სასამართლოში სირბილი",- განმარტავს ლელა მესხია.

მესხია ოთხშაბათს, 23 ივლისსაა დაბარებული ბაღდათის პოლიციაში. 

აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტამდე საპოლიციო ჩხრეკა ჩატარდა საირმის პროტეტის მონაწილის ვეფხია მესხიას სახლში.

კურორტ საირმეში ადგილობრივები სამ თვეზე მეტია, 13 296 ჰა მიწის ფართობზე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, ლიცენზია უკანონოდ არის გაცემული. ამის გარდა, ლიცენზიით განსაზღვრულ სამონადირეო მეურნეობის არეალში მოქცეულია ადგილობრივების, როგორც თვითონ ამბობენ, მამაპაპისეული მიწა, რომელზეც პროკურატურა მოსახლეობას თაღლითობის ბრალდებით ედავება.

საქართველოს პროკურატურა კურორტ საირმეში 9 ოჯახს (თავდაპირველად 20-მდე ოჯახს, მაგრამ დანარჩენებმა საპროცესო შეთანხმება გააფორმეს) მიწის ნაკვეთების მითვისებას ედავება, უწყება მათ თაღლითობაში სდებს ბრალს და მეპატრონეებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურამ გამოძიება 2021 წლის დეკემბერში, სატყეო სააგენტოს საჩივრის საფუძველზე, დაიწყო. ბრალდებულები ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება კურორტ საირმის მფლობელის, თემურ კოხოძის ინტერესებს ემსახურება. სწორედ კოხოძის კომპანიაზე გაიცა სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია.

ადგილობრივების ბრალდებებზე "ქუთაისიპოსტმა" შესაბამის უწყებებს ( ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია,  საქართველოს პროკურატურა, თემურ კოხოძის კომპანიას) ოფიციალური წერილები 20 ივნისს გაუგზავნა, თუმცა პასუხები ამ დრომდე არ  მიგვიღია.

ამავე თემაზე:

"ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა გაუქმდეს სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია"

"ტყე ხალხს ეკუთვნის და არა ერთ კაცს" - პროტესტი საირმეში 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2025 წლის საგამოცდო პროცესში, დღეს, 21 ივლისს, მაგისტრანტობის
კანდიდატები ჩაერთვნენ.
11:48 / 21.07.2025
2025 წლის საგამოცდო პროცესში, დღეს, 21 ივლისს, მაგისტრანტობის კანდიდატები ჩაერთვნენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
10:40 / 21.07.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.