კურორტ საირმის მკვიდრის ვეფხია მესხიას სახლში პოლიციამ ჩხრეკა
ჩატარა.
როგორც მან "ქუთაისიპოსტთან" განაცხადა, სახლში ცოლი და მცირეწლოვანი
შვილები იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, პოლიციამ რეგისტრირებული
იარაღები ამოიღო.
"დღის 10-11 საათზე მოვიდნენ ქუთაისში, სადაც ოჯახი მყავს, ცოლ-შვილი
და ჩაატარეს ჩხრეკა. საჩივარიაო, თითქოს მე ვიღაცას დავემუქრე. ჩემი
პირადი სანადირო თოფები, რომელიც გაფორმებული მაქვს და რომლის
შენახვის და ტარების უფლებაც მაქვს კანონით, დალუქეს და წაიღეს.
გამოძიება დაადგენს, სინამდვილეში თუ ვემუქრები ვინმეს და ამ ჩემი
გაფორმებული იარაღებით ვინმეს თურმე მოვკლავ თუ არა. ახლა მივდივართ
საირმეში, ზედა სახლში, იქ იქნება კიდე ჩხრეკა და შემდეგ
გამომკითხავენ პოლიციაში", - განაცხადა ვეფხია მესხიამ.
ის საპოლიციო მოქმედებებს საირმეში მიმდინარე პროტესტს
უკავშირებს.
"ყველაფერი უბედურება დაიწყო იმის შემდეგ რაც ამ ბრძოლაში ჩავერთე",-
აცხადებს მესხია.
კურორტ საირმეში ადგილობრივები ორ თვეზე მეტია, 13 296 ჰა მიწის
ფართობზე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემას აპროტესტებენ.
ადგილობრივების თქმით, ლიცენზია უკანონოდ არის გაცემული. ამის გარდა,
ლიცენზიით განსაზღვრულ სამონადირეო მეურნეობის არეალში მოქცეულია
ადგილობრივების, როგორც თვითონ ამბობენ, მამაპაპისეული მიწა, რომელზეც
პროკურატურა მოსახლეობას თაღლითობის ბრალდებით ედავება.
საქართველოს პროკურატურა კურორტ საირმეში 9 ოჯახს (თავდაპირველად
20-მდე ოჯახს, მაგრამ დანარჩენებმა საპროცესო შეთანხმება გააფორმეს)
მიწის ნაკვეთების მითვისებას ედავება, უწყება მათ თაღლითობაში სდებს
ბრალს და მეპატრონეებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პროკურატურამ გამოძიება 2021 წლის დეკემბერში, სატყეო სააგენტოს
საჩივრის საფუძველზე, დაიწყო.
ბრალდებულები ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება კურორტ
საირმის მფლობელის, თემურ კოხოძის ინტერესებს ემსახურება. სწორედ
კოხოძის კომპანიაზე გაიცა სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია.
ადგილობრივების ბრალდებებზე "ქუთაისიპოსტმა" შესაბამის უწყებებს
წერილები გაუგზავნა და თუმცა პასუხები ჯერ არ მიგვიღია.
მასალის გამოყენების პირობები