ახალი ამბები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, დაკავებული მაღაროელების სოლიდარობის აქცია გაიმართება
FaceBook
"სოლიდარობა დატყვევებულ მაღაროელებს", - ამ სლოგანით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, 17 ივლისს, აქცია გაიმართება.

სწორედ ამ დროსაა ჩანიშნული სასამართლოში ჭიათურაში დაკავებული 4 მაღაროელის პროცესი.

მოქალაქეები სხვადასხვა ქალაქიდან სასამართლოსთან შეიკრიბებიან და დაკავებულებს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

''17 ივლისს, 16:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება უსამართლოდ დაპატიმრებული 4 მშრომელი მაღაროელის, გიორგი ნეფარიძის, მერაბ სარალიძის და თენგიზ გველესიანის და არჩილ ჭუმბურიძის სასამართლო პროცესი.

ერთად გამოვხატოთ სოლიდარობა უსამართლოდ დაჩაგრულ მაღაროელების მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სდომის დარბაზშიც და მის გარეთაც!

მნიშვნელოვანია, თბილისიდანაც და სხვა ქალაქებიდანაც მრავლად ვიყოთ ადგილზე, რათა ყველამ დაინახოს, რომ რეალურად, ძალიან მრავალრიცხოვანია ადამიანთა ჯგუფი თბილისშიც და ქვეყანაში, რომელიც უერთდება და იზიარებს საერთო ბრძოლას თავისუფლებისათვის, უსამართლობის წინააღმდეგ.
ერთად ბრძოლით გამარჯვებამდე!",- აღნიშნულია ღონისძიების ინფორმაციაში.

12 ივნისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგიზ გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის სახით გირაოს გამოყენების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 17 ივლისს არის ჩანიშნული.

ოთხი მაღაროელი 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით წაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ჭიათურელი მაღაროელები უკვე მეხუთე თვეა (139-ე დღე), უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13:42 / 15.10.2025
"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილება შედის, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების შექმნის წესს ეხება.
ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს
ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.
12:54 / 15.10.2025
ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.