ახალი ამბები
"კომპანიის მხრიდან ისევ არ ჩანს არანაირი პასუხი, როდის ჩაირიცხება ხელფასი"- რა ხდება ჭიათურაში
FaceBook
134-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციისა და სამკვირიანი შიმშილობის მიუხედავად, მაღაროელების ბედით ისევ არავინ დაინტერესებულა.
არც ხელისუფლება, რომლის პირველ პირთან შეხვედრასაც მშრომელები თვეებია, ითხოვენ და ამ მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილიც რამდენჯერმე გაუგზავნეს და არც კომპანია, რომლისგანაც მაღაროელებს 4 თვის ხელფასი აქვთ ასაღები.

გაუცემელ ხელფასებთან დაკავშირებით, მშრომელები საწარმოს მმართველთან შეხვედრასაც ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. როდის დაერიცხებათ მათ კუთვნილი 4 თვის ანაზღაურება, ამასთან დაკავშირებით კომპანიას არც საჯარო განცხადება გგაუვრცელებია.

"კომპანიის მხრიდან ისევ არ ჩანს არანაირი პასუხი — არც ერთი სიტყვა იმაზე, როდის ჩაირიცხება ხელფასი.
ამის საპირწონედ, არც ის ადამიანები გამოჩენილან პროტესტზე, ვინც ელოდება ამ სახელფასო დავალიანებას.

დავაკვირდეთ რეალობას: რაც უფრო ჩუმად ვართ, მით უფრო მშვიდად გრძელდება კომპანიის მხრიდან სრული იგნორი. არ შეიძლება ეს ასე გაგრძელდეს — ჩვენ რომ არ ვიმოქმედებთ, ვერაფერს მივაღწევთ.
ხალხო, გეკუთვნით ოთხი თვის ხელფასი. რატომ არ ითხოვთ? მართლა გგონიათ, რომ თუ არავინ არაფერს იტყვის, რამე შეიცვლება?

კომპანიას არსად ეჩქარება. და თუ ჩვენ არ შევაწუხებთ, არც ის შეიწუხებს თავს. ამ დუმილით ზიანდება ყველაფერი — თქვენი მატერიალური კეთილდღეობა, თქვენი ოჯახები და თითოეული ჩვენგანი, სხვა არავინ. მოსვენება არ უნდა მივცეთ!",- მიმართავენ მაღაროელები ადგილობრივებს, მათ, ვისაც კომპანიისგან 4 თვის ხელფასი აქვთ ასაღები, რომ შემოუერთდნენ პროტესტს და ერთად მოთხოვონ კომპანიას კუთვნილი ანაზღაურება. 

მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.

სოცკსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა რამდენჯერმე შედგა, თუმცა უშედეგოდ. კომპანია მშრომელების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს. მაღაროელებს არც მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ხვდება.

ამის მიუხედავად ჭიათურელი მაღაროელები ბრძოლას აგრძელებენ - უკვე მეხუთე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე, რკინა-ბეტონის საყრდენი
კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, ბინის ეზოში მიწა
ჩამოიშალა.
10:46 / 10.07.2025
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, ბინის ეზოში მიწა ჩამოიშალა.
დღეიდან, 10 ივლისიდან, 2025 წლის გამოცდებში სტუდენტთა საგრანტო
კონკურსში მონაწილეები ჩაერთვნენ.
10:36 / 10.07.2025
დღეიდან, 10 ივლისიდან, 2025 წლის გამოცდებში სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეები ჩაერთვნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.