ჭიათურაში, კიდევ ორმა მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.
მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ
2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი
განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი
ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან
მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას
მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ
კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა
გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი
განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და
პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის"
დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.
სოცკსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა რამდენჯერმე შედგა, თუმცა
უშედეგოდ. კომპანია მშრომელების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს არ
ითვალისწინებს. მაღაროელებს არც მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი
ხვდება.
ამის მიუხედავად ჭიათურელი მაღაროელები ბრძოლას აგრძელებენ - უკვე
მეხუთე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი
უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას,
უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას.
მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის
გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული
თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი
წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან
ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი
ხელმოწერა შეგროვდა.
მასალის გამოყენების პირობები