ახალი ამბები
ზესტაფონელი პედაგოგი კონკურს "მწვანე ჯილდო 2025"-ის გამარჯვებული გახდა
FaceBook
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მე-2 სვირის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ინგა ხეცაძე კონკურს "მწვანე ჯილდო 2025"-ის გამარჯვებული გახდა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, პედაგოგებს კუთვნილი პრიზები განათლების სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა გადასცეს.

ღონისძიებაზე 10 გამარჯვებული მასწავლებელი გამოვლინდა, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელოებს – „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ და „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“. ამასთან, გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავენ.

კონკურსში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 200-მდე პედაგოგმა და აღმზრდელმა მიიღო. გამარჯვებულები სპეციალურად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაციების “CENN” და “ეკოხედვა” წარმომადგენლებისგან შედგებოდა.

კონკურსი „მწვანე ჯილდო“, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის ინიციატივით, 2018 წლიდან ტარდება. თავდაპირველად კონკურსი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მასწავლებლების წახალისებასა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას ემსახურებოდა. 2022 წლიდან კი, მას დაემატა სასკოლო კომპონენტი, რომელიც მიზნად ისახავს სკოლაში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ინტეგრაციას.
Print