კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ირწმუნება, რომ დღეს, გელათის
ტაძარს საფრთხე აღარ ემუქრება.
როგორც მან "პირველი არხის" ეთერში განაცხადა, გელათის
მთავარი ტაძარი გადახურულია უნიკალური კონსტრუქციით.
„პირველ რიგში, სწორი გადაწყვეტილება იყო იმდროინდელი კულტურის
სამინისტროსი, რომ გაკეთდა სარეაბილიტაციო დროებითი კომიტეტი, ძალიან
კარგი იყო, ეს ფორმა რომ შეიმუშავა სახელმწიფომაც ეკლესიასთან და
მეცნიერებთან ერთად. დღეს ვდგავართ უკვე იმ მიჯნაზე, რომ რეალური
ხელშესახები შედეგი გვაქვს. დღეს ტაძარს აღარაფერი ემუქრება. დღეს
გუმბათიც დაედგა, მთავარი ტაძარი გადახურულია უნიკალური კონსტრუქციით,
რომელიც ნამდვილად არის უნიკალური.
დღეს გერმანელი მეცნიერებიც იყვნენ ადგილზე, ადგილზე იყო არქიმანდრიტი
მამა კირიონიც, რომელიც არის დროებითი კომიტეტის ხელმძღვანელის
მოადგილე და რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს ამ პროცესს. ბევრი
ქართველი მეცნიერიც იყო და ვთქვით, რომ, მაგალითად, ნოტრდამის
შემთხვევაში, როდესაც ის დროებით გადახურვაში მოექცა, მთელი მასა
აწვებოდა თვითონ ტაძარს.
გელათის შემთხვევაში ისეთი უნიკალური ტექნოლოგიაა შემუშავებული
უცხოელი და ქართველი ექსპერტების საბჭოს წევრების მიერ, რომ გელათს
აქვს ცალკე მოწყობილი ეს და არცერთი დაწოლა ტაძარზე არ მიდის.
კონსტრუქცია, რომელიც ფარავს ამ წუთას მთავარ ტაძარს, დგას თავის
მზიდებზე. თავისთავად, პირველი ეტაპის ერთი პრობლემა უკვე მოიხსნა“, –
განაცხადა თინათინ რუხაძემ.
მისივე თქმით, იყო შეცდომები, მაგრამ იმისთვის არიან დღეს აქ, რომ ამ
შეცდომების გაანალიზება, ანალიტიკა – "ყველაფერი მოვაწყოთ და ყველა
რესურსი გამოვიყენოთ, რომ სწორ გზაზე გავიყვანოთ ჩვენი კულტურული
მემკვიდრეობა. ფრთხილი დაგეგმვა, ეს არის მთავარი ზომა",- განაცხადა
მან.
როგორც კულტურის მინისტრმა განმარტა, საქართველოს მთავრობა თავის
თავზე იღებს ტაძართან დაკავშირებით ნებისმიერი რაოდენობის კვლევის
დაფინანსებას.
"ბუნებრივია, ეკლესიაა ჩართული და ყველა მხარე ერთად სხდება, ჩვენ
მივყვებით ამ პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ. მე არ მინდა, მოლოდინი იყოს იმისა,
რომ მალე იქნება? უკვე დაამთავრეთ? ძეგლებთან მიმართებაში სიჩქარეს
მოაქვს მხოლოდ ცუდი. გადავდივართ მუშაობის მშვიდ რეჟიმზე. ღია ვართ
ნებისმიერი კითხვისთვის და მზად ვართ, რომ პასუხი გავცეთ“, –
განაცხადა თინათინ რუხაძემ.
გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი
გადახურვის სამუშაოები გუშინ, 25 ივნისს, დასრულდა. ერთიანი-დროებითი
გადახურვის სამუშაოები მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის - UNESCO
რეკომენდაციის მიხედვით გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა
განახორციელა.
გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2019 წელს წელს დასრულდა,
თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და
ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და
უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა,
პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა,
პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ
კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.
მასალის გამოყენების პირობები