საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის
მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი
შეადგინა, საიდანაც 2 078 ათასი (53%) ქალია, ხოლო 1 836 ათასი (47%)
- კაცი.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ქალების წილი შედარებით მაღალია
თბილისსა (56%) და ქუთაისში (55%), ხოლო შედარებით დაბალია მცხეთის
(49%), ხარაგაულის (49%) და საგარეჯოს (49%) მუნიციპალიტეტებში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, მოსახლეობის
აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 2
423 ათასი კაცი (62%) ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში, ხოლო 1 491
ათასი კაცი (38%) - სოფლად.
"რეგიონების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის
წილი, თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (66%),
რაც განპირობებულია ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით, ხოლო
შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის (20%), კახეთის (21%),
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (24%) რეგიონებში.
2024 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, თბილისში ცხოვრობს
მოსახლეობის 34%. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე
ადგილს იკავებენ იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები, რომლებზეც
მოდის შესაბამისად მოსახლეობის 12.9 და 11.2%",- აღნიშნულია საქსტატის
ინფორმაციაში.
საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა
2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. აღწერამ
მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.
აღწერის დეტალური (საბოლოო) შედეგები 2026 წლის ივნისში
გამოქვეყნდება.
მასალის გამოყენების პირობები