"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მაღაროელების პროტესტს ეხმაურება,
რომლებმაც დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლების მოთხოვნით
შიმშილობა გამოაცხადეს, ერთ-ერთმა კი პირი ამოიკერა.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, პროტესტის ამგვარი უკიდურესი
ფორმების გამოყენება კიდევ ერთი დასტურია, რომ უკიდურესი უსამართლობის
და ჩაგვრასთან წინააღმდეგობის სხვა გზას მშრომელები ვეღარ ხედავენ და
იძულებული არიან, თვითდაზიანების უმძიმესი აქტს მიმართონ.
"მაღაროელები 2025 წლის თებერვლის თვიდან საპროტესტო აქციებს მართავენ
კომპანიების, "ჯორჯიან მანგანეზისა" და Chiatura Management
Company-ის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევების გამო.
„ჯორჯიან მანგანეზმა’’ თებერვლიდან შეწყვიტა მათთვის კუთვნილი
ხელფასების გადახდა და მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტა გამოაცხადა.
ამ მდგომარეობამ ჭიათურაში მწვავე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი
გამოიწვია, რადგან კომპანიაში დასაქმებული ასეულობით მაღაროელი
საბაზისო შემოსავლის გარეშე დარჩა.
სახელმწიფოს მხრიდან სრული უგულებელყოფის, მიტოვების და უმძიმესი
უსამართლობის განცდის ფონზე, 28 აპრილს პროტესტის მონაწილეებსა და
შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მოხდა ინციდენტი, რასთან
დაკავშირებითაც 4 ჭიათურელი სისხლის სამართლის წესით დააკავეს და
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა
ბრალდებულებისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ, რაც
სრულად უზრუნველყოფდა ბრალდებულთა პროცესში შემდგომ მონაწილეობას და
ამასთან ერთად, მათ მიერ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის
პრევენციას. 12 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა
აღკვეთი ღონისძიების სახით ბრალდებულების წინასწარი პატიმრობა.
ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას მაღაროელების უფლებების
დასაცავად და თანადგომას ვუცხადებთ ჭიათურელებს, რომლებიც წლების
განმავლობაში განგრძობითად განიცდიან მჩაგვრელობით და უსამართლო
მოპყრობას "ჯორჯიან მანგანეზის" და სახელმწიფოს მხრიდან",- აღნიშნულია
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებაში.
ოთხი მოშიმშილე, მათ შორის ერთი პირამოკერილი მშრომელი - ასეთი
ვითარებაა დღეს ჭიათურაში, სადაც მაღაროელები 116-ე დღეა, უწყვეტ
აქციებს მართავენ.
ქალაქში უკვე მეხუთე დღეა, 4 ადამიანი შიმშილობს, აქედან ერთმა
მათგანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი
ამოიკერა.საკვების მიღებაზე უარს ამბობს მერაბ სარალიძეც, რომელიც
უკვე 2 თვეზე მეტია, ციხეშია.
პროტესტის მონაწილეების და მოშიმშილეების მოთხოვნა ერთადერთია:
გაათავისუფლონ ჭიათურაში დაკავებული 4 თანამებრძოლი. მაღაროელების
თქმით, ამ მოთხოვნის შესრულებამდე მათი პროტესტი არ შეწყდება.
მასალის გამოყენების პირობები