სახელმწიფოს წყალტუბოში გასხვისებული 3 ყოფილი სანატორიუმი
დაუბრუნდა.
მათ შორის, "მედეა", რომელიც თავის დროზე 5.830 მლნ ლარად გაიყიდა.
სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა "მეშახტე" და "ცისკარიც".
დაბრუნების მიზეზი საპრივატიზაციო ვალდებულებების არშესრულება
იყო.
ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
არადა წყალტუბოსთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვას, ბოლო 13 წელია,
ცდილობენ სხვადასხვა ხელისუფლებები. მცდელობა უმეტესად რიტორიკის
დონეს არ სცილდება. წყალტუბოს აღორძინება, ძველი დიდების დაბრუნება,
ახალი სიცოცხლის მინიჭება, წყალტუბოს ლას-ვეგასად, ბადენ -ბადენად,
კარლოვი ვარად გადაქცევა - ამ რიტორიკის თვალსაჩინო ფრაზებია.
"ჩვენ დავუბრუნებთ აქაურობას და თითოეულ ჩვენგანს მომავალს. ავაშენებთ
ახალ საცურაო აუზებს, ახალ აბანოებს", - 2012 წლის სექტემბერში
ამბობდა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
აქედან ექვსი წლის შემდეგ, 2019 წელს, ბიძინა ივანიშვილი აჟღერებს მის
გადაწყვეტილებას წყალტუბოსთან მიმართებაში: "მინდა პირადად ჩავუდგე
სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა,
22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია".
ივანიშვილი პირადი სახსრებით აპირებდა "სრულიად ამორტიზებული
ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიან
რეაბილიტაციას.
იგი რეგიონში 15 000 - 20 000-მდე ადამიანს უპირებდა დასაქმებას.
2020 წელს, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია აღნიშნავდა, რომ წყალტუბოს
სჭირდებოდა იმ ძველი ისტორიის აღდგენა, თანამედროვეობის გარკვეული
ხარისხის, ნიშნის დამატება, რის შემდეგაც წყალტუბო იქნებოდა
საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრილიანტი".
2022 წელს ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნებოდა, რომ
"მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კურორტი
განვითარდეს.გვაქვს ამბიცია, რომ წყალტუბო გადავაქციოთ 21-ე საუკუნის
თანამედროვე, მაგრამ ამავე დროს მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის
მქონე კურორტად,"
2022 წელს, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც ახალი
პროექტი "წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" გააცნო საზოგადოებას, კონკრეტული
ინვესტორითაც წარსდგა წყალტუბოელების წინაშე. "ჩვენ გვყავს უკვე
უცხოელი ინვესტორი, რომელიც წარმოდგენილია სასტუმრო ბიზნესში და მათ
აქვთ საკმაოდ ამბიციური გეგმები," - აღნიშნავდა დავითაშვილი.
კონკრეტულ თანხებს ასახელებდა, ასევე, ყოფილი პრემიერ მინისტრი,
ირაკლი ღარიბაშვილიც: "ჩვენ ვიწყებთ უფრო მასშტაბურ სახელმწიფო
პროგრამას, ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამას, რომელიც
იქნება 5-წლიანი და ბიუჯეტიდან გამოიყოფა 1 მილიარდი ლარი".
ამ ქალაქებში მოიაზრებოდა წყალტუბოც.
2022 წელს, მასშტაბური საინვესტიციო პროექტის, "წყალტუბოს ახალი
სიცოცხლეს" ასამუშავებლად, რომლის ფარგლებში გასაყიდად 14 სანატორიუმი
გამოიტანეს. მათგან მხოლოდ 5 გასხვისდა. ნაწილი - 2022 წელს, ნაწილი -
2023 წელს, სხვადასხვა ვალდებულებით.
ყოფილი სანატორიმი "მედეა" 2022 წლის აგვისტოში შპს "ასი გრუფ ჰოთელს
ჯორჯიამ" 5.830 მლნ იყიდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, "მედეა" 2024
წლის იანვრიდან კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა. თავად შპს
"ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯია" საქართველოში 2021 წელს დარეგისტრირდა, მისი
მესაკუთრე ეგვიპტის მოქალაქე ხალედ მოჰამედ აბდელმონებ კანდილსია.
პროექტის ფარგლების მიღმა, წყალტუბოში წინა წლებში გასხვისებული იყო
არაერთი სანატორიუმი, მათ შორის, "მეშახტე" და "ცისკარი". ბოლო
მონაცემებით, ორივე დღეს სახელმწიფოს საკუთრებაშია.
2024 წლიდან დღემდე ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად
გამოიტანა წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმები "სავანე", "იმერეთი" და
"რკინიგზელი", თუმცა ვერც ერთი გაიყიდა.
მასალის გამოყენების პირობები