"სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" ორჰუსის კონვენციით
გათვალისწინებულ მექანიზმს, გარემოს დამცველთა საკითხებზე სპეციალურ
მომხსენებელს, მიმართა.
მიმართვა “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტში
მანგანუმის მოპოვებას ეხება, რომელმაც გარემოსა და
ადგილობრივებისათვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საჩივარი აქტივისტ გიორგი ნეფარიძის სახელით გაიგზავნა, რომელიც
ამჟამად სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული.
"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ “ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში
მანგანუმის მოპოვების ლიცენზია 2006 წელს, 40 წლის ვადით მოიპოვა.
კომპანია სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის, სოფელ შუქრუთის
ტერიტორიაზე, მიწისქვეშა მოპოვებით საქმიანობას აწარმოებდა, რასაც
მიწის ჩაქცევა, სახლების მნიშვნელოვანი დაზიანება და ნგრევა მოჰყვა.
დაზიანდა გზები, სკოლა, ეკლესიები და სასაფლაო, ასევე, დაბინძურდა
გარემო. თავის მხრივ, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას
მშრომელთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა.
“ჯორჯიან მანგანეზის” მოპოვებითი სამუშაოების შედეგად, შუქრუთში
150-მდე ოჯახის უძრავი ქონება (სახლი და მიწა) დაზიანდა. მიუხედავად
ამისა, წლების განმავლობაში კომპანია თავს არიდებდა, სრულად და
სამართლიანად აენაზღაურებინა მის მიერ მიყენებული ზიანი
ადამიანებისათვის, რომლებიც პრაქტიკულად უსახლკაროდ დარჩნენ.
იმ უმძიმესი გამოწვევების მიუხედავად, რის წინაშეც ჭიათურელები
დგანან, სახელმწიფო არ იღებს ღონისძიებებს მათი მხარდაჭერისთვის.
პირიქით, იგი მშრომელებს კომპანიის წინაშე მარტოდმარტო ტოვებს",-
განმარტავენ "სოციალური სამართლიანობის ცენტრში".
ორგანიზაციაში ამბობენ იმასაც, რომ კომპანიის მიერ მოსახლეობის
უფლებების უხეში დარღვევებისა და სახელმწიფოს მიერ ჭიათურის წინაშე
არსებული გამოწვევების სრული უგულებელყოფის პირობებში, აქტივისტები
სისტემური ჩაგვრის წინააღმდეგ იბრძვიან. ამისთვის ისინი ისჯებიან და
დევნისა და შევიწროების მსხვერპლები ხდებიან.
გამომდინარე აქედან, გიორგი ნეფარიძის სახელით, "სოციალური
სამართლიანობის ცენტრი" გარემოს დამცველების მიერ შეკრებისა და
გამოხატვის თავისუფლების დაუბრკოლებლად განხორციელებას, გიორგი
ნეფარიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასა და
გარემოს დამცველების საქმიანობისათვის ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს
შექმნას ითხოვს.
გიორგი ნეფარიძე და კიდვე სამი მაღაროელი 29 აპრილს, გამთენიისას,
დააკავეს. როგორც მშრომელები ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო
კარვიდან, ძალის გამოყენებით წაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის
მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა
არეში დაზიანება მიაყენეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2
ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე
დაზიანებას გულისხმობს და 4-დან 9 წლამდე პატიმრობას
ითვალისწინებს.
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი 4 თვეა, გრძელდება, შუქრუთში კი -
400 დღეზე მეტი.
მასალის გამოყენების პირობები