დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მერაბ კოსტავას
სკვერში, ქუთაისის საზოგადოებრივი ასამბლეა დაფუძნდა.
დამფუძნებლების თქმით, ეს იქნება მოქალაქეთა ახალი პლატფორმა, რომელიც
ხელს შეუწყობს ქალაქის მოსახლეობის ჩართულობას ადგილობრივ და ეროვნულ
საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.
მათივე განმარტებით, „საზოგადოებრივი ასამბლეა – ქუთაისი“ იმოქმედებს
როგორც სივრცე საჯარო დისკუსიებისთვის, ადგილობრივი პრობლემების
იდენტიფიცირებისთვის და საზოგადოებრივი კონსენსუსის
ფორმირებისთვის.
"სიმბოლურია, რომ დღეს, 26 მაისს, დაფუძნდა "საზოგადოებრივი ასამბლეა
- ქუთაისი". დღეს, როდესაც ძალიან დიდი საშიშროების წინაშე დგას
საქართველო: ავირჩევთ ევროპულ გზას, ვისთანაც გვაკავშირებს ჩვენი
ღირებულებითი და ფასეულობითი ერთობა, თუ გავხდებით ჩვენი ჩრდილოელი
მეზობლის გუბერნია. სწორედ 26 მაისი არის ის დღე, რომელიც კიდევ
ერთხელ ჯეროვნად გამოხატავს, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის თავისუფლების და
დამოუკიდებლობის იდეა",- განმარტა ასამბლეის დამფუძნებელმა მაკა
ხეცურიანმა.
მისივე თქმით, "საზოგადოებრივი ასამბლეა- ქუთაისი" წარმოადგენს
საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის რეგიონულ წარმომადგენლობას —
ახალ, მრავალდონიან და შინაარსობრივ დიალოგზე დაფუძნებულ სტრუქტურას,
რომელიც სხვადასხვა ჯგუფებს აძლევს შესაძლებლობას გაერთიანდნენ საერთო
მიზნებისთვის".
დღესვე, "საზოგადოებრივი ასამბლეა - ქუთაისის” წევრებმა საზოგადოებას
მათი პირველი ინიციატივა წარუდგინეს, რომელიც ქუთაისის საპარლამენტო
დედაქალაქად ხელახლა აღიარების შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში
ცვლილებების შეტანას ეხებოდა. როგორც მათ განმარტავეს, ეს ინიციატივა
შემდგომი რეაგირების, საბოლოო გადაწყვეტის გზების დასახვისა და
განხორციელებისათვის, საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეას
წარედგინება.
"საპარლამენტო დედაქალაქის დაბრუნება მაცოცხლებელი სტატუსი იქნება ამ
ქალაქისთვის, რადგან ქუთაისის როლი და ფუნქცია ძალიან დაკნინებულია
დღეს. ჩვენ გვინდა, ამ იდეას შევასხათ ფრთა და რაც შეიძლება მეტი
ქუთაისელი იყოს ამ პროცესებში ჩართული",- განმარტა ასამბლეას წვერმა
ქეთი დეისაძემ.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია თემაზე: „ქუთაისი – საპარლამენტო
დედაქალაქი - გამოწვევები და შესაძლებლობები“.
ქუთაისის საზოგადოებრივ ასამბლეაში გაწევრიანება,
18 წლის ზევით, ნებისმიერ მსურველს შემდეგ
ლინკზე შეეძლება. ამ დროისთვის, ასამბლეაში
180-მდე ქუთაისის მაცხოვრებელია გაწევრიანებული.
მასალის გამოყენების პირობები