ქუთაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან
საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის
საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, განზრახ
მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული
თ.ჩ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 მაისს
ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელს - 1970 წელს
დაბადებულ ი.ხ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი დაზიანებები
მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
ბრალდებული თ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციის მიერ დანაშაულის
ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად",- აღნიშნულია
უწყების განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მკვლელობა ქუთაისში 19 მაისს მოხდა. არსებული
ინფორმაციით, მოკლულია დაახლოებით 55 წლის მამაკაცი, რომელიც მეზობლის
ქალს შეტყობინებებს უგზავნიდა, რასაც მასსა და აღნიშნული ქალის
მეუღლეს შორის უთანხმოება მოჰყვა.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის დღეს, გარდაცვლილი
თავად მივიდა 35 წლის მეზობელთან, რა დროსაც მათ შორის დაპირისპირება
მოხდა.
ბრალდებულის ადვოკატის, გელა სიორდიას თქმით, გასათვალისწინებელია ის
გარემოებაც, რომ პირველად, იარაღი გარდაცვლილმა გამოიყენა, მისი
დაცვის ქვეშ მყოფი კი თავს იცავდა.
ბრალდებულს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა
შეუფარდა, რასაც დაცვის მხარე სააპელაციოში გაასაჩივრებს.
ამავე თემაზე:
ქუთაისში, მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულს
სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
მასალის გამოყენების პირობები