ქუთაისში, მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ქუთაისის საქალაქო
სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას
ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა აღნიშნული
შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მკვლელობა ქუთაისში, ჩანჩიბაძის ქუჩაზე, 19 მაისს მოხდა. არსებული
ინფორმაციით, მოკლულია დაახლოებით 55 წლის კაცი, რომელიც მეზობლის
ქალს შეტყობინებებს ერთი წლის განმავლობაში წერდა.
ბრალდებულის ადვოკატის, გელა სიორდიას თქმით, მკვლელობის ღამეს,
პირველად, იარაღი გარდაცვლილმა გამოიყენა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კი
თავს იცავდა.
"ბრალს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს. ამბობს, რომ კონკრეტულ
შემთხვევაში თავს იცავდა თავდამსხმელისგან, რომელმაც მისი ოჯახის
სიმყუდროვე და წესრიგი დაარღვია. კერძოდ, საქმის მასალებით
დადგენილია, რომ გარდაცვლილი ბრალდებულის ცოლს დაახლოებით ერთი წლის
განმავლობაში წერდა სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელით, უგზავნიდა
შეტყობინებებს, რომელიც მიმართული იყო მასთან სექსუალური კავშირის
დამყარებისკენ, რაზეც ჩემი კლიენტის ცოლი კატეგორიულ უარს ეუბნებოდა.
ამის მიუხედავად გარდაცვლილი თავს არ ანებებდა - ჯიუტად სთხოვდა, რომ
მასთან ჰქონოდა ურთიერთობა, სთავაზობდა, ცალკე ბინა დაექირავებინაბათ,
გადაიყვანდა იქ მის ოთხ შვილთან ერთად და ერთად იცხოვრებდნენ",-
განმარტავს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი გელა
სიორდია.
მისივე შეფასებით, ბრალდების მხარემ არასწორი კვალიფიკაცია მისცა
ბრალდებულის ქმედებას: მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგენილიყო, რომ
ბრალდებული მოქმედებდა არა მისი მეზობლის განზრახ მკვლელობის, არამედ
თავისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის მოტივით და ამ საფუძვლით
მიაყენა გარდაცვლილს დაზიანებები.
"ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებულის მეუღლე
გამოკითხვისას ადასტურებს იმას, რომ იმ საღამოს, როდესაც მოხდა
მკვლელობა, დანა პირველმა აწ გარდაცვლილმა გამოიყენა და მხოლოდ ამის
შემდეგ იქნა მისი მეუღლის მხრიდან გამოყენებული დანა თავის დაცვის
მიზნით",- ამბობს ადვოკატი.
გელა სიორდიას თქმით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას
სააპელაციოში გაასაჩივრებენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ
მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით
ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები