ახალი ამბები
მაღაროელების მიხეილ სოცკის შეხვედრა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა
FaceBook
პროტესტის 75-ე დღეს, ჭიათურაში, მაღაროელების შესახვედრად, მიხეილ სოცკი ჩავიდა, რომელიც ჭიათურის მაღაროებში რეორგანიზაციის პროცესს ხელმძღვანელობს.

მაღაროელ ტარიელ მიქაცაძის თქმით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყოს. ამასთან, ამით კომპანიის ხელმძღვანელობას აჩვენეს, რომ დიალოგით პრობლემების მოგვარება შესაძლებელია, თუ მხარეების აზრები რადიკალურად არ არის განსხვავებული.

"მიხეილ სოცკიმ გამოთქვა სურვილი შეხვედრის.  მოვიდა ჩვენთან, დავსხედით და ვისაუბრეთ. ეს იყო პირველი კონტაქტი, გაცნობითი საუბარი, აქ რამე გადამწყვეტი ვერ შედგებოდა და არც არავის ჰქონდა მოლოდინი ამისა. თავისი მონახაზები გააკეთა",- განაცხადა მან.

ტარიელ მიქაცაძის თქმით, შეხვედრაზე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს. მათ შორის, რეორგანიზაციაზე, სამუშაო პირობებსა და პროცესებში იურისტების ჩართულობაზე. ასევე, უსამართლოდ დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლების საკითხზე.

"გვქონდა კითხვები, პირველ რიგში, რეორგანიზაცასთან დაკავშირებით, რადგან ყველაზე მთავარია სამსახურის დაკარგვის რისკი. ასევე იყო მნიშვნელოვანი საუბარი ბიჭების გათავისუფლებაზე, იყო დასმული კითხვებიც და პირობაც მიცემული, რომ ვიდრე ბიჭები არ გამოვლენ გარეთ, ვერ დაიწყება მუშა პროცესი. ამაზეც იყო სტანდარტული პასუხი, თუმცა ერთობლივი ძალით ყველაფერი არის შესაძლებელი. ძალა ხალხშია, ასევე კომპანიასაც გააჩნია გარკვეული ბერკეტები ამ საკითხთან დაკავშირებით და გვაქვს იმედი, რომ მივაღწევთ შეთანხმებას ამ საკითხზეც. ამის გარდა,  იყო საუბარი 12-საათიან გრაფიკთან დაკავშირებით. მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ 12-საათიანი ვერ გაგრძელდება. თუ რა ფორმით გაგრძელდება 8-საათიანი გრაფიკი და რა სტანდარტით იქნება გეგმა, ეს ყველაფერი არის მომდევნო შეხვედრის და დეტალებში გავლის თემა.

რაც ყველაზე მთავარია, შევთანხდით იმაზე, რომ იურისტების ჩართულობით გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა. ცალმხრივად არაფერი არ არის დასათმობი, სულ ჩვენი მხრიდან ყოველთვის არ დაითმობა, მოთხოვნები კარგად იციან. მოლაპარაკებების პროცესში, ვფიქრობთ, რომ ეკონომიკის სამინისტრო და სახელმწიფო უნდა ჩაერთოს. უფრო მეტი დეტალი ხუთშაბათის შეხვედრის შემდეგ გვეცოდინება",  - ამბობს  ტარიელ მიქაცაძე. 

მან ასევე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აუცილებელია პროცესებში სახელმწიფო ჩაერთოს და მისგან მიიღონ მყარი გარანტიები. 

ტარიელ მიქაცაძის თქმით, მომდევნო შეხვედრა, იურისტების მონაწილეობით, ხუთშაბათს, 15 მაისს გაიმართება. 

მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. რამდენიმე დღის წინ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.

ჭიათურაში პროტესტის 75-ე და შიმშილობის მე-18 დღეა. საკვების მიღებაზე უარს აცხადებს 5 მაღაროელი, 2 მშრომელი კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კლინიკაში იმყოფება.

მაღაროელები ჭიათურაში, ქუჩაში, უწყვეტ პროტესტში არიან, გაშლილი აქვთ კარვებიც. მშრომელების ნაწილი კი თბილისშია წასული და აქციას მთავრობის კანცელარიასთან მართავს.

მაღაროელები 2 თვეზე მეტია, პროცესებში სახელმწიფოს ჩართულობას ითხოვენ, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ჭიათურაში მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ ჩამოსულა და პროტესტის მონაწილეებს პირადად არ დალაპარაკებია.

ამავე თემაზე:

"თავისუფლება უკანონოდ დაკავებულებს“ - მასშტაბური საპროტესტო აქცია ჭიათურაში

"დავიწყებთ იურიდიულ დავას, დავუპირისპირდებით უსამართლოდ მიმდინარე რეორგანიზაციას"- მაღაროელები

"მხოლოდ ბრძოლით და ერთად დგომით მივაღწევთ გამარჯვებას"- პროტესტის 69-ე და შიმშილობის მე-12 დღე ჭიათურაში

ვინ მოაწერა ხელი სოცკის გეგმას?

ჭიათურაში, პროტესტის პარალელურად, მაღაროელების მასობრივი დათხოვნა დაიწყო

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
75-დღიანი პროტესტის შემდეგ, ჭიათურაში მიმდინარე პროცესებს
14:17 / 13.05.2025

75-დღიანი პროტესტის შემდეგ, ჭიათურაში მიმდინარე პროცესებს "ქართული ოცნების" დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მედიის წარმომადგენლებთან  ეხმაურება.

შსს-ს აჭარის, შიდა ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების
თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის
ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
12:52 / 13.05.2025
შსს-ს აჭარის, შიდა ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.