ჭიათურაში მიმდინარე 74-დღიანი პროტესტის შემდეგ, მაღაროელების
ნაწილმა, თბილისში, მთავრობის კანცელარიასთთან გადაინაცვლა.
დედაქალაქში ჩასული მაღაროელებიდან სამი მოშიმშილეა.
გათავისუფლდეს 4 მაღაროელი და ჭიათურაში არსებულ ვითარებაში
გასარკვევად ჩაერთოს "ქართული ოცნების" პრემიერ ირაკლი
კობახიძის ადმინისტრაცია - ესაა თბილისში ჩასული მშრომელების მთავარი
მოთხოვნა.
"აქ ჩვენ ჩამოგვიყვანა ჭიათურაში არსებულმა პრობლემებმა, იმან რომ
გვყავს 4 უკანონოდ დაჭერილი ჩვენი თანაქალაქელი - ვითხოვთ მათ
გათავისუფლებას. მეორე მოთხოვნაა, უშუალოდ პრემიერი, ან მისი
წარმომადგენელი ჩავიდეს ჭიათურაში და უშულოდ მშრომელებს გაესაუბროს.
მათგან გაიგოს, რა ხდება ჭიათურაში რეალურად და რა სჭირდება იმ
პროცესებს, რომ ჩვენ დავსაქმდეთ, მაღარომ იმუშაოს, ყველაფერს
გავაცნობთ ადგილზე",- განმარტავს მაღაროელი ირაკლი ჯიქიძე.
ჭიათურაში პროტესტის 74-ე და შიმშილობის მე-17 დღეა. საკვების
მიღებაზე უარს აცხადებს 5 მაღაროელი, ორი კი ჯანმრთელობის
მდგომარეობის გაუარესების გამო, კლინიკაში იმყოფება.
ამასთან, ამ დრომდე ციხეში რჩება ოთხი მაღაროელი: მერაბ სარალიძე,
გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე. როგორც
მაღაროელები ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის
გამოყენებით წაიყვანა.
2 მათგანს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, ორს
კი მხოლოდ მონაწილეობას ედავებიან. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან
ხელმძღვანელობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე.
ხოლო მასში მონაწილეობა – თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6
წლამდე.
ჭიათურაში პროტესტი 28 თებერვლიდან მიმდინარეობს. 1 აპრილს
მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდნენ და ჭიათურის
მერიის შენობასთან ორი კარავი გაშალეს.
მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024
წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა.
მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება.
შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის
მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას
მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ
კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა
გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. რამდენიმე დღის
წინ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა
და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის"
დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.
მაღაროელები კი აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის შესახებ დოკუმენტს ხელს
არ მოაწერენ და კომპანიის ცალმხრივ პირობებს არ დასთანხმდებიან. ისინი
იმ მშრომელების ხელმოწერებს აგროვებენ, რომლებიც უარს ამბობენ,
დათანხმდნენ კომპანიის მიერ შემოთავაზებულ 7-პუნქტიან განცხადებას,
რომლის მიხედვით, მათ თავად უნდა თქვან უარი სამსახურზე, გარანტიებსა
და კომპენსაციაზე. უფრო მეტიც, მაღაროელები "ჭიათურა მენეჯმენტ
კომპანის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ. მშრომელები
ამბობენ, რომ უკვე იურიდიულად დაუპირისპირდებიან უკანონოდ და
უსამართლოდ მიმდინარე რეორგანიზაციას და მასობრივ დათხოვნას.
ფოტო: პუბლიკა
ამავე თემაზე:
"თავისუფლება უკანონოდ დაკავებულებს“ - მასშტაბური
საპროტესტო აქცია ჭიათურაში
"დავიწყებთ იურიდიულ დავას, დავუპირისპირდებით
უსამართლოდ მიმდინარე რეორგანიზაციას"- მაღაროელები
"მხოლოდ ბრძოლით და ერთად დგომით მივაღწევთ
გამარჯვებას"- პროტესტის 69-ე და შიმშილობის მე-12 დღე
ჭიათურაში
ვინ მოაწერა ხელი სოცკის გეგმას?
ჭიათურაში, პროტესტის პარალელურად, მაღაროელების
მასობრივი დათხოვნა დაიწყო
მასალის გამოყენების პირობები