უწყვეტი პროტესტის 71-ე დღეს, ჭიათურაში მასშტაბური აქცია
მიმდინარეობს.
„არც ერთი ნაბიჯით უკან“, „თავისუფლება უკანონოდ დაკავებულებს“,
„გააძლიერე ჭიათურა“, - ამ მოწოდებებით , ჭიათურის მერიის წინ, ასობით
ადამიანი გამოვიდა.
აქციას მაღაროელების, 4 დაკავებული მაღაროელის ახლობლების გარდა
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მხარდამჭერებიც
შეუერთდნენ.
"დღეს გვაქვს მასშტაბური აქცია ჭიათურაში. აქციის მთავარი შინაარსია
უსამართლოდ დაკავებული ჩვენი თანამერძოლების გათავისუფლება“, -
აღნიშნა პროტესტის მონაწილე, მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა სახელმწიფოს მოაგვაროს ჭიათურის
კრიზისი.
„რატომ გაქვთ სახელმწიფოს იმედიო, გვეკითხებიან. მიმიცია თუ არ
მიმიცია ხმა ამ მთავრობისთვის, იგი (მთავრობა) ანგარიშვალდებულია
დაიცვას ყველა მოქალაქის, ჭიათურელი იქნება თუ სხვა უსაფრთო
საცხოვრებელი გარემო, ადამიანის უსაფრთხო გადაადგილება, ადამიანის
თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა.
ხელისუფალი არ არის იმისთვის როგორც უნდა ისე მართოს, იგი ვალდებულია
გვემსახუროს. ჩვენ ვუხდით ამისთვის თანხებს. ამის სანაცვლოდ ისინი
ხალხის კეთილდღეობაზეუნდა საუბრობდნენ და არა იმ მარწუხებზე როგორ
მოუჭირონ კისერში ხელი და ახალ -ახალი კანონების მიღებით დაახრჩონ
ჩვენი ქვეყანა. ქართველი მოსახლეობა. ამის უფლება არა აქვთ. ვერც უნდა
მივცეთ ჩვენი ერთიანობით", -აღნიშნა ტარიელ მიქაცაძემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ მათი პროტესტი არ არის პარტიული, იგი სრულად
სოციალური და სოციალურ პრობლემებზე მორგებული და გაერთიანებულია.
ჭიათურაში პროტესტის 71-ე და შიმშილობის მე-14 დღეა. ქუჩაში გაშლილ
კარვებში, პროტესტის ნიშნად, იმისთვის, რომ მთავრობა პროცესებში
ჩაერთოს და მოსახლეობასთან პრობლემებზე სასაუბროდ ხელისუფლების
წარმომადგენელი, კერძოდ, პრემიერ-მინისტრი ჩავიდეს, 6 ადამიანი
შიმშილობს. აქედან ერთი მაღაროელი, ჯანმრთელობის მდგომარეობის
გაუარესების გამო, კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. საკვების
მიღებაზე უარს ამბობს დაკავებული 4 პირიდან 2 მაღაროელი.
ოთხი მაღაროელი: მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი
და არჩილ ჭუმბურიძე 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც
მაღაროელები ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის
გამოყენებით წაიყვანა.
2 მათგანს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, ორს
კი მხოლოდ მონაწილეობას ედავებიან. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან
ხელმძღვანელობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე.
ხოლო მასში მონაწილეობა – თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6
წლამდე.
მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024
წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა.
მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება.
შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის
მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას
მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ
კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა
გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. რამდენიმე დღის
წინ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა
და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის"
დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.
მაღაროელები კი აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის შესახებ დოკუმენტს ხელს
არ მოაწერენ და კომპანიის ცალმხრივ პირობებს არ დასთანხმდებიან. ისინი
იმ მშრომელების ხელმოწერებს აგროვებენ, რომლებიც უარს ამბობენ,
დათანხმდნენ კომპანიის მიერ შემოთავაზებულ 7-პუნქტიან განცხადებას,
რომლის მიხედვით, მათ თავად უნდა თქვან უარი სამსახურზე, გარანტიებსა
და კომპენსაციაზე. უფრო მეტიც, მაღაროელები "ჭიათურა მენეჯმენტ
კომპანის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ. მშრომელები
ამბობენ, რომ უკვე იურიდიულად დაუპირისპირდებიან უკანონოდ და
უსამართლოდ მიმდინარე რეორგანიზაციას და მასობრივ დათხოვნას.
ფოტო: მაუწყებელი
მასალის გამოყენების პირობები