მაღაროელების ორთვიანი, უწყვეტი პროტესტის
პასუხად, "ჯორჯიან მანგანეზი" მადნის მომპოვებელ საწარმოებში
რეორგანიზაციას აანონსებს.
კომპანია თანახმაა, ექვსი თვის წინ გაჩერებულ მაღაროებში სამუშაო
პროცესი აღადგინოს, მხოლოდ, მასშტაბური ცვლილებებისა და პროტესტის
შეწყვეტის პირობებში. საუბარია შუქრუთელების მიერ პიკეტირებულ
მაღაროებზე, რომლებიც მიწისქვეშა სამუშაოების შედეგად დაზარალებულ
მოსახლეობას 415 დღეა ბლოკირებული აქვს.
პროტესტის შეწყვეტისა და რეორგანიზაციის, როგორც სამუშაოების აღდგენის
ულტიმატუმის გეგმა, ტყიბულის შახტების მმართველი კომპანიის დირექტორს,
მიხეილ სოცკის ეკუთვნის. 22 აპრილს, კომპანიის მიერ გავრცელებული
განცხადებით ირკვევა, რომ სოცკი აქტიურად იყო ჩართული ჭიათურის
კრიზისთან დაკავშირებით შექმნილი ჯგუფის მუშაობაში, რომლის სხდომებიც
დახურული იყო და მათზე დასწრების შესაძლებლობა მაღაროელებს არც ერთხელ
არ მიეცათ. მიხეილ სოცკის მიერ შემუშავებული მართვის მოდელის
მიხედვით, ცვლილებები შეეხება ყველა რგოლს, ჯამში, 3600-მდე
თანამშრომელს. კომპანია, მასშტაბური ცვლილებებისა და მაღაროების
შესასვლელების გათავისუფლების გარეშე, სამუშაო პროცესის აღდგენას არ
განიხილავს.
"შემუშავებული გეგმის მიხედვით, წარმოების აღდგენა განხორციელდება
მხოლოდ რეორგანიზაციის პირობებში. ეს ნიშნავს, რომ ცვლილებები შეეხება
ყველა რგოლს, როგორც ტექნიკურ პერსონალს, ასევე ადმინისტრაციის
თანამშრომლებს. [...] "კომპანია გადაჭრით აცხადებს: ჭიათურაში სამთო
წარმოება ან გაიხსნება ახალ წესებზე დაფუძნებული მოდელით – ან საერთოდ
ვერ აღდგება. ამ პროცესის დაწყება შეუძლებელია მაღაროების ბლოკირების
პირობებში", -
ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის განცხადება და ულტიმატუმის ენა მიუღებელია
მაღაროელებისთვის. მათი თქმით, უნდა შედგეს მოლაპარაკებები და
პროცესში სახელმწიფო, როგორც გარანტორი უნდა ჩაერთოს.
"ჯერ კიდევ იანვარში იყო საუბარი იმაზე, რომ სოცკი გადაიბარებდა ამ
პროცესებს; თურმე, სამმხრივ კომისიაშიც იყო და რჩევებს აძლევდა როგორც
სპეციალისტი. მისი მოსვლით, ჩვენ პრობლემის მოგვარებას ვერ ვხედავთ.
ეს არის ჩვენთვის ძალიან ბუნდოვანი, მიუღებელი, "ჯორჯიან მანგანეზი"
არსად წასვლას არ აპირებს, მოვა სოცკის ჯგუფი, რომელსაც
გამოცდილება აქვს ტყიბულში ხალხის დატერორებაში, სამსახურიდან
გათავისუფლებაში და უნდათ, რომ ისევ მას მიაწერონ რეორგანიზაცია და
მასობრივი დათხოვნა. მერე, ისევ გააშავებენ სოცკის და გაუშვებენ.
ვითხოვთ დასხდომას, გასაუბრებას, შეგვხვდეს მთავრობის წარმომადგენელი,
ვინც იქნება პასუხისმგებელი თუნდაც, სოცკის სიტყვებზე", - ამბობს
პროტესტის საინიციატივო ჯგუფის წევრი, ტარიელ მიქაცაძე.
რუსეთის მოქალაქე მიხეილ სოცკი, ტყიბულში, შახტების მმართველ
კომპანიას 2019 წლიდან ხელმძღვანელობს. იგი "ქართული ოცნების"
ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა. 2022 წელს, მისმა
კომპანიამ "ქართუ ფონდს" 138 მილიონი ასესხა. მიხეილ სოცკის სახელს
უკავშირდება გასული წლის ბოლოს, 38 მეშახტის სამსახურიდან
გათავისუფლება, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით
დევნაზე საუბრობდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ "ქართული ოცნების"
ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ პოზიციას ღიად გამოხატავდნენ, რაც
მიხეილ სოცკიმ არ აპატიათ.
"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" ("ჯორჯიან მანგანეზი") მაღაროებში მადნის
მოპოვების განახლებას მიმდინარე წლის 15 მაისიდან აპირებს.
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. მშრომელები კვლავ
"ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან შეხვედრას და გარანტიების
მიღებას ითხოვენ. მაღაროელებმა, ქუჩის პროტესტი მას შემდეგ
დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების
ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული
60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები,
რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების
ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა
მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის"
მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით
უპასუხა.
მასალის გამოყენების პირობები