ახალი ამბები
რა თქვეს უმრავლესობის ლიდერებმა ჰომოფობიური კანონის განხილვისას ქუთაისში
FaceBook
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისში შედგა.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მესხიშვილის თეატრში შეკრებილებს უმრავლესობის ლიდერებმა მიმართეს.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, ეს არის პროექტი თანამედროვე ფსევდოლიბერალური ტრენდების დამკვიდრების წინააღმდეგ და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების ინტერესების დაცვის შესახებ.

მდინარაძის განცხადებით, ვიღაცეები ცდილობენ ეს კანონპროექტი ჰომოფობიასთან დააკავშირონ და არატრადიციული ცხოვრების წესის მიმდევართა უფლებებისა და პროპაგანდის საკითხი ერთ სიბრტყეზე დააყენონ.

„დღეს ვიღაცებს უნდათ, უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აზილონ, აურიონ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. პირიქით, კარგად უნდა გვესმოდეს, ეს არის ჩვენი ტრადიციული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ – რაც შეიძლება მკაცრად და მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან არატრადიციული წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა.

როდესაც ამ კონტექსტში ლაპარაკობენ, თითქოს ჰომოფობიურია, ევროპასთან დაკავშირებით პრობლემები გვექმნება, ევროპელებმა უნდა მიგვიღონ ისეთები, როგორიც ვართ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხასიათი. ჩვენ მეგობრებს ვცნობთ, ვაღიარებთ, მაგრამ ქართველებს გვაქვს ჩვენი იდენტობა, ჩვენი კულტურა, ტრადიციები, მენტალობა და ამის წაშლას არ და ვერ დავუშვებთ. ამას არ გვაპატიებს არც ჩვენი მომავალი და არც ქართველი ხალხი. ჩვენ ევროპაში კი არ უნდა შევიდეთ, ევროპა ქართველებთან ერთად - ეს არის ჩვენი სწორი დამოკიდებულება იმიტომ, რომ ქართველები არიან, მათ შორის ევროპის არქიტექტორები, თავიანთი დემოკრატიით, წარსულით, საუკუნოვანი, დემოკრატიული, ევროპული, ქრისტიანული ისტორიით“,- განმარტა მამუკა მდინარაძემ.

რატომ გახდა საჭირო აღნიშნული ცვლილებები - ამაზე ისაუბრა კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმაც.

„ამ ცვლილების ინიცირების მიზეზი, საფუძველი არის ტენდენციები, რომლებსაც ბოლო პერიოდში ჩვენ, ყველა ვაკვირდებით, ტენდენციები, რომლებიც ხდება მსოფლიოში. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ რა ტენდენციებიც არის ხოლმე გარეთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენკენაც შეიძლება გადმოვიდეს. ამიტომ აქედანვე უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენს ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით, რა არის ჩვენი ფასეულობა, რა არის ის კალაპოტი, რომელშიც გვინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იმოძრაოს.

სწორედ აქედან გამომდინარე შეიქმნა კონსტიტუციური ცვლილების და კონსტიტუციური კანონის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია. ერთი თვე გვაქვს იმისთვის, რომ თქვენთან და სხვა თანამოქალაქეებთან განვიხილოთ ეს ინიციატივა, მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები, შევაჯამოთ და წარვუდგინოთ პარლამენტს, გადავცეთ დანაბარები. 17 მაისამდე გვაქვს დრო, ვიწყებთ ქუთაისით“,- განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი პარტია კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით, 22-27 აპრილს, შეხვედრებს ამბროლაურის, ოზურგეთის, ბათუმის, ზუგდიდის და მესტიის მოსახლეობასთან გამართავს.

შეხვედრას, რომელიც მესხიშვილის თეატრში ჩატარდა, საჯარო მოხელეები (მათ შორის რეგიონებიდან) და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა. კანონის პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.

მათ შორის, კანონში წერია, რომ კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის მამაკაცისა და ქალის კავშირს ითვალისწინებს.

ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვნად შეიზღუდება ლგბტ პირთა უფლებები. კერძოდ, არასრულწლოვანის შვილად აყვანა შეეძლება ქორწინებაში მყოფ ოჯახს (ქალსა და კაცს) ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს; აიკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა;
აიკრძალება იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის „პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.

მმართველ პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმები არ აქვს, თუმცა პროექტის საყოველთაო განხილვები მაინც დაიწყო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.