ახალი ამბები
„ჯორჯიან ეარვეისმა“ ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად სპეციალური ავიარეისების ბილეთების გაყიდვა დაიწყო
FaceBook
"ჯორჯიან ეარვეისმა“ ევრო 2024-ისთვის დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო.
ბილეთის ფასი 295 ევროდან დაიწყება და მისი შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში იქნება შესაძლებელი. 

ავიაკომპანიის ინფორმაციით, პირდაპირი ფრენები, მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს, შემდეგი განრიგით შესრულდება:

თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);

თბილისიდან ჰამბურგში - 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);

თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს);

ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ სპეციალურ რეისებზე ავიაბილეთები დაბრუნებას არ დაექვემდებარება.

ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთების შეძენა კი ქართველ გულშემატკივრებს უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით შეეძლებათ.

საქართველოს ნაკრები, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს თურქეთს დორტმუნდში, 22 ივნისს ჩეხეთს ჰამბურგში, 26 ივნისს კი პორტუგალიას გელზერნკიხენში დაუპირისპირდება.

Print