ახალი ამბები
13 წელი დანგრეულ შენობაში - სამხატვრო სკოლის ყოფილი შენობის მცხოვრებლები დღესაც თავშესაფარს ეძებენ
FaceBook
ქუთაისში, სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში 13 წლის წინ თვითნებურად შესახლებული ოჯახები, შესახლებიდან 13 წლის შემდეგაც დანგრეულ შენობაში ცხოვრობენ. 

მათი პირობები უკიდურესად მძიმეა. ჩამტვრეული ფანჯრები; დანესტილი, დაბზარული კედლები და ნახევრადჩამოშლილი ოთახები - ეს ირაკლი აბაშიძის ქუჩა N18-ში მცხოვრები უსახლკარო ადამიანების რეალობაა, რომელზეც ქუთაისიპოსტი ჯერ კიდევ 2017 წლიდან წერს. ამ შენობაში არ არის გაზმომარაგება და კანალიზაცია, შესაბამისად, ადგილობრივები საპირფარეშოს გარეშე არიან დარჩენილნი. 


ოთახებში ყოველი წვიმის დროს წყალი ჩადის, რის შეკავებასაც თასებით ცდილობენ.

ერთ-ერთის საცხოვრებელი ოთახი

ჭერიდან სამშენებლო მასალები იყრება, რაც იქ ცხოვრებას საფრთხისშემცველს ხდის. ამის გამო ნატო ჯანგველაძე, რომელიც 13 წელია სამხატვრო სკოლის შენობის მცხოვრებია, ერთხელ უკვე დაშავდა.

''მე და ჩემი მეგობარი ვიყავით და თავზე ნალესი დაგვეცა. ბეწვზე ვართ გადარჩენილები. მაინცდამაინც ბოლომდე უნდა დაინგრეს შენობა და ქვეშ უნდა მოვეტნეთ, რომ ალტერნატიულ ფართში გადაგვიყვანონ?", - ამბობს ნატო ჯანგველაძე, რომელიც 13 წელია შვილთან ერთად ირაკლი აბაშიძის ქუჩა N18-ში მდებარე ამორტიზებულ შენობაში ცხოვრობს. 

ნატო ჯანგველაძე

ეს ადამიანები სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში 2011 წლიდან თვითნებურად შესახლდნენ. მას შემდეგ მერიას ალტერნატიული ფართის გამოყოფის თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. 

მართალია, წლების მანძილზე ირაკლი აბაშიძის ქუჩა N18-ში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი მერიის მერ მოწყობილ თავშესაფრებში გადაიყვანეს, მაგრამ 10-მდე ოჯახს საშველი ამ დრომდე არ დაადგა. 

ბოლოს მათი მდგომარეობით სახალხო დამცველი დაინტერესდა. თებერვლის თვეში ლევან იოსელიანი სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობას ეწვია და იქ მცხოვრებთა პირობები შეისწავლა.  სახალხო დამცველის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ირაკლი აბაშიძის ქუჩა N18-ში მცხოვრები ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებით ყველა უწყებას მიმართეს. თუმცა თავად შენობის მცხოვრებლები ამბობენ, რომ უკვე არაფრის იმედი დარჩათ.

დერეფანი

''მოვიდა სახალხო დამცველი და გვკითხა აქ რამდენი ოჯახი ცხოვრობთ და როგორი პირობებო გაქვთო. ვუთხარი, რომ არ გვაქვს ტუალეტი და არც წყალი ნორმალურად, ელექტროენერგიაში კი კომერციული ფართის ფასს ვიხდით, რადგან შენობა სამსახტვრო სკოლისაა. ოთახებიც ნახა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ვუთხარი თბილისში ძალიან ბევრ შეჭირვებულ ოჯახს დაურიგეს ბინა და ქუთაისში ჩვენთვის თავშესაფრის გამონახვა რა გახდა მეთქი, რაზეც მიპასუხა, თბილისს სხვა ბიუჯეტი აქვსო.

თბილისს თუ ათი ბინის ბიუჯეტი აქვს, ქუთაისს ერთი ბინის ბიუჯეტიც არ მოეძებნება? 13 წელია ამ დღეში ვარ, აქამდე მეგონა, რომ ჩემი ოჯახის საჭიროებებს გაითვალისწინებდნენ და საცხოვრსში გადამიყვანდნენ, ახლა მთლად იმედგადაწურული ვარ.. ყურადღებას არავინ გვაქცევს. ჩვენ ხალხი არ ვართ? არჩევნები რომ მოდის და ხმები რომ სჭირდებათ, მაშინ ხომ ვართ ხალხი?", -  ამბობს ირაკლი აბაშიძის ქუჩა N18-ში მცხოვრები ნინო მხეცაძე.


ნინო მხეცაძე

ქუთაისის მერიაში გვითხრეს, რომ სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში მცხოვრები პირებისთვის ალტერნატიული ფართის მოძიება მიმდინარებს სოციალურ საცხოვრისებში, რაც პირდაპირ პასუხობს სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციას.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ორი სოციალური საცხოვრისია. პირველი სოციალური საცხოვრისი ნიკეას ქუჩაზე 2018 წელს გაიხსნა, მეორე კი - 2023 წელს გუგუნავას ქუჩაზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.