ახალი ამბები
''3 წელია დამეწყვრის შიშით ვცხოვრობთ''- ქუთაისში, ევდოშვილის ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ
FaceBook
საქართველოში 6-7 თებერვალს მომხდარმა სტიქიამ, რომელსაც 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ბუნებრივ კატასტროფებთან მიმართებაში მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში დააყენა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ საზოგადოებაში შიშმა იმატა, რადგან იმერეთში მეწყერსაშიში ტერიტორიები არცთუ ისე ცოტაა. 

ქუთაისში, ევდოშვილის ქუჩის პირველ ჩიხში, სადაც 10-მდე ოჯახი ცხოვრობს, უკვე მესამე წელია მიწის მასა იშლება. თუ პროცესი გაგრძელდა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, შესაძლოა, იქ მდებარე სახლები ჩაიძიროს. 

აღნიშნული პრობლემის შესახებ ქუთაისიპოსტს ინფორმაცია გასული წლის ნოემბერშიც ჰქონდა. ევდოშვილის ქუჩაზე დღესაც იგივე მდგომარეობაა. 

ადგილობრივების თქმით, ქუჩაზე კანალიზაციის არარსებობის გამო წვიმის დროს ღვარსადენები წყლის მასას ვეღარ ატარებს და მიწა სკდომას იწყებს. 

"პრობლემა ყოველი სტიქიის ან თუნდაც ძლიერი წვიმის  დროს მწვავდება. საკმარისია უხვი ნალექი მოვიდეს, რომ მიწა ქვევით იწევს. თუ ასე გაგრძელდა, ჯერ ჩემი სახლი ჩაიძირება, შემდეგ - ჩემი მეზობლების. იგივე განმეორდება, რაც ბაღდათში მოხდა",  -  გვიყვება  ევდოშვილის ქუჩა პირველი ჩიხი  N3 მცხოვრები გვანცა ქობალავა.



გვანცა მეწყერსაშიშ ზონაში მცირეწლოვან შვილთან, მეუღლესთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

ქობალავების ეზოს ირგვლივ რკინის ჯებირია გაკეთებული, რომელიც მიწის ვარდნის შედეგად ნელ-ნელა იშლება, ეს კი, ქობალავების თქმით, საფრთხეს აახლოებს. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, პრობლემის მოგვარების მოთხოვნით მერიას ჯერ კიდევ სამი წლის წინ მიმართეს, მაგრამ პირველად მერია ტერიტორიით მხოლოდ შოვის ტრაგედიის შემდეგ დაინტერესდა, ბოლოს კი - ნერგეთში მომხდარი მეწყრის  შემდეგ. 

''სანამ რამე ტრაგედია არ მოხდება, არ მოდიან. არადა ეს პრობლემა სწრაფად მოსაგვარებელია, რომ უბედურება არ მოხდეს. ბოლოს ბაღდათის ამბების შემდეგ იყვნენ მოსულები. აიღეს ზომები; გვითხრეს, რომ ტენდერს მალე გამოაცხადებენ,'' -ამბობს გვანცა ქობალავა. 

აღნიშნული ქუჩა კახიანაურის, საფიჩხიისა და მუხნარის სამაჟორიტარო ოლქს ეკუთვნის, რომლის მაჟორიტარი დეპუტატიც ქუთაისის საკრებულოს წევრი მაგდა კოსტავაა. მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ მოსახლეობის პრობლემა წელს მოგვარდება. 

''ჯებირის შეკეთება ამ წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. ასევე მოხდება სანიაღვრე არხების დასუფთავება, რათა წყლის მასამ მიწა ისევ არ ჩამოშალოს,'' -ამბობს მაგდა კოსტავა. 

მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, პროექტი ჯერჯერობით შედგენის ეტაპზეა და ტენდერი მალე გამოცხადდება. 

ქუთაისის მერიაშიც გვითხრეს, რომ პროექტს ამზადებენ და ტენდერს მალე გამოაცხადებენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.