ახალი ამბები
ტრაგედიის მესამე დღე ნერგეეთში - მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ.
სტიქიის ზონაში გზა უკვე გაიწმინდა, ახლა კი იმ ტერიტორიის გასუფთავება ხდება, სადაც 4 სახლი იდგა, რომელიც მეწყერმა მიწის მასაში ჩაიტანა.

ბაღდათის მერის კახა ენუქიძის განმარტებით, პარალელურად, კომუნიკაციების აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლებას ამ დრომდე არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია.

„ამ მომენტისთვის მიმდინარეობს ჩამოშლილი მასის გაწმენდა-დატერასება. ასევე მიმდინარეობს კომუნიკაციების აღდგენა. „სოკარი“, „ენერგო პრო“ - თავიანთ სამუშაოებს ასრულებენ. სავარაუდოდ, ხვალისთვის აღდგენილი იქნება ყველა კომუნიკაცია“,- განმარტავს ბაღდათის მერი.

სტიქიის ზონიდან 7 ოჯახი დროებით თავშესაფარშია გადაყვანილი და გეოლოგების დასკვნას ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყდება, ამ ადამიანებს სახელმწიფო საცხოვრებლებს შეუძენს, თუ ნერგეეთში, თავიანთ სახლებში დაბრუნდებიან.

9 გარდაცვლილი, ერთი დაშავებული, მიწის მასაში მოყოლილი ოთხი საცხოვრებელი სახლი და 20 ევაკუირებული ადამიანი - ასეთია სტიქიის შედეგი ბაღდათის სოფელ ნერგეეთში.

სოფელში მეწყერი 7 თებერვალს, ღამის ორ საათზე ჩამოწვა და 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა.

სტიქიის ეპიცენტრში, სამძებრო სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკით, მცურავი საშუალებებითა და დრონებით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა. ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული იყო კინოლოგთა ჯგუფი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ ნერგეეთში, რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება, ძირითადად, 5-6-7 თებერვალს მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა გამოიწვია.

ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრი იყო, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენდა. მიწის მასა გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე ჩამოიშალა.

ამავე თემაზე:

ნერგეეთის მეწყერული ზონიდან 20-მდე ადგილობრივი გაიყვანეს

ნერგეეთში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ტერიტორიის გასუფთავება

რამ გამოიწვია მეწყერი ნერგეეთში - გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტება

Print