ახალი ამბები
ნერგეეთში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ტერიტორიის გასუფთავება
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.
ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ამოიყვანეს. 

ამ დროისთვის, ადგილზე მძიმე ტექნიკა და მაშველები რჩებიან და სტიქიის ეპიცენტრში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ამ დროისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ცხრავე ცხედარი ამოსვენებულია. ფაქტობრივად, ჩვენ დავასრულეთ ძებნა-შველის ღონისძიება და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოების ბოლო ეტაპი. იდენტიფიცირებულია ყველა გარდაცვლილი", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

9 გარდაცვლილი, ერთი დაშავებული, მიწის მასაში მოყოლილი ოთხი საცხოვრებელი სახლი და 20 ევაკუირებული ადამიანი - ასეთია ორი დღის წინ განვითარებული სტიქიის შედეგი ბაღდათის სოფელ ნერგეეთში. 

სოფელში მეწყერი 7 თებერვალს, ღამის ორ საათზე ჩამოწვა და 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 

სტიქიის ეპიცენტრში, სამძებრო სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკით, მცურავი საშუალებებითა და დრონებით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა. ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული იყო კინოლოგთა ჯგუფი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ ნერგეეთში, რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება, ძირითადად, 5-6-7 თებერვალს მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა გამოიწვია.

ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრი იყო, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენდა. მიწის მასა გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე ჩამოიშალა.

ამავე თემაზე:


ნერგეეთში, სტიქიის ზონაში, მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს

ნერგეეთში, სტიქიის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ნერგეეთში, სტიქიის ზონაში, მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს

რამ გამოიწვია მეწყერი ნერგეეთში - გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტება

სოფელ ნერგეეთში მამას და სამ შვილს ეძებენ

მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში - ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი
Print