ახალი ამბები
ნერგეეთში, სტიქიის ზონაში, მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მოყოლილი მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ის, სავარაუდოდ, მოხუცი ქალბატონია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საძიებო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.

სამუშაოები მდინარე ხანისწყლის ხეობის ნაპირზეც მიმდინარეობდა.

სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, ღამის ორ საათზე ჩამოწვა და 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა  მხოლოდ  ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 

სტიქიის ზონაში, 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებდა სამძებრო სამუშაოებს.

ძებნა-შველის ღონისძიებაში, ასევე, ჩართული იყო კინოლოგთა ჯგუფი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ ნერგეეთში, რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება, ძირითადად,  5-6-7 თებერვალს მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა გამოიწვია. 

ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე.

ამავე თემაზე:


ნერგეეთში, სტიქიის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ნერგეეთში, სტიქიის ზონაში, მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს

რამ გამოიწვია მეწყერი ნერგეეთში - გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტება

სოფელ ნერგეეთში მამას და სამ შვილს ეძებენ


მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში - ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი


Print