ახალი ამბები
რამ გამოიწვია მეწყერი ნერგეეთში - გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტება
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლას, რამაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხუთს კი ამ დრომდე ეძებენ, გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებით ეხმიანება.
სააგენტოს ინფორმაციით, რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან.

''მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-650), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25-მ-ია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ შ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 000 მ3-ს. რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან. კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100 მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.

კლიმატური ცვლილებების ფონზე, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ გახშირებულია სტიქიური მოვლენები, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. კლიმატური ცვლილებები იწვევს განსაკუთრებით უხვ ნალექებს, რაც მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება თანმდევი სტიქიების, როგორიც არის წყალდიდობები, წყალმოვარდნები, მეწყრები და ღვარცოფები. უხვი ნალექის მოსვლამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში გააქტიურა მეწყრული პროცესები, განსაკუთრებით მაღალმთიან ზონებში,''- ნათქვამია განცხადებაში. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე სწავლობენ ვითარებას.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში კი მეწყერი ჩამოწვა და 4 სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის, ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი. ერთი მოქალაქის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს და ის კლინიკაშია გადაყვანილი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კი 5 პირის მიმართ გრძელდება, მათ შორის სამი არასრულწლოვანია.

ამავე თემაზე:


სოფელ ნერგეეთში მამას და სამ შვილს ეძებენ

მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში - ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი

სტიქიამ იმერეთში 600-ზე მეტი სახლი, სკოლები და საბავშვო ბაღები დააზიანა

მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილები - უამინდობა იმერეთში



Print