ახალი ამბები
ცენტრალური ბულვარის სამუშაოების დასრულების ვადა ცნობილია, პროექტი კი ჯერ მზად არ არის
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალური ბულვარი სარეაბილიტაციოდ ისე შემოღობეს, რომ რეკონსტრუქციის პროექტი ჯერ არ არსებობს.

ამის შესახებ “ქუთაისიპოსტის” მიერ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია მითითებული.

„რაც შეეხება იმ საკითხს, პარკის თუ რომელ მონაკვეთში იქნება მულტიფუნქციური შეხვედრების ადგილი, გაცნობებთ, რომ, ამ დროისთვის, მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, შესაბამისად, აღნიშნული ჯერ განსაზღვრული არ არის“, - მოგვწერეს ჩვენს მიერ გაგზავნილი შეკითხვის საპასუხოდ, თუ რა მონაკვეთზე უნდა მოეწყოს მულტიფუნქციური შეხვედრების ადგილი ბულვარში. 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციის პროექტის მომზადებაზე ახლა მუშაობენ. სამაგიეროდ, იციან, რომ დაახლოებით 15 მილიონამდე უნდა დაიხარჯოს მისი  რეკონსტრუქციისთვის. 

აღსანიშნავია, რომ ჯერ არ არსებული სამშენებლო პროექტის მიხედვით, რეკონსტრუქცია წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. 

ქუთაისის  ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, სამუშაოებს კი შპს „დაგი" შეასრულებს, რომელმაც პარკის კეთილმოწყობისთვის გამოცხადებულ ტენდერში [NAT220025121] გაიმარჯვა. 

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები გასულ წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორც მგფ-ში განმარტავდნენ, ბაღში განთავსებული ნაგებობის, (კაფე-ბარ ,,სავანეს’’) გამო ვერ ხერხდებოდა, რის შედეგადაც საქმეში მერიაში ჩაერია და საქალაქო სასამართლოში განხორციელებული დავების შედეგად, უკვე გასული წლის 27 დეკემბერს ,,სავანე’’ დაანგრია.

ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია 2018 წელს, ქალაქის მაშინდელი მერის გიორგი ჭიღვარიას დაპირება იყო. დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მერიამ ბულვარის რენდერ ვერსია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს მათ მიერ მოწონებული ესკიზისთვის ხმა უნდა მიეცათ, თუმცა პროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავება არ მოხდა.

რატომ ჩაიშალა ბულვარის რეაბილიტაცია წლების წინ - "ქუთაისიპოსტის" მასალა ნახეთ აქ.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი 1821 წელს გაშენდა. ის მუშტაიდის პარკის შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელს ამიერკავკასიაში. ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდებოდა, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ მომხდარა.


ამავე თემაზე:

ქუთაისის ცენტრალური ბულვარის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო

"ქუთაისის ცენტრალური ბაღის რეკონსტრუქცია იწყება და პროექტი ჯერ არ გასაჯაროვებულა’’

"სამუშაოების დასაწყებად დავალება არ გაცემულა" - ქუთაისის ბულვარის რეკონსტრუქციის თარიღი კვლავ უცნობია

რამდენიმეწლიანი დაპირების შემდეგ ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია იწყება
Print