ახალი ამბები
"სამჯერ მეტი ხელფასის მიმცემი ვინ არის მათთთვის ამ ქალაქში?"- ქუთაისის მერი ემიგრანტებზე
FaceBook
ქუთაისის მერმა ემიგრაციაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ მოქალაქეებს საზღვარგარეთ წასვლაში ხელი არ უნდა შევუშალოთ, რადგან იქ სამჯერ მეტი ხელფასებია.
„ჩვენც რომ ვიყოთ ნებისმიერი თანაქალაქელი, რომელიც მიდის ევროპაში და მიიღებს სამჯერ უფრო მეტ ანაზღაურებას, ვინ არ წავა და ვინ იტყვის ამაზე უარს? და რა ბერკეტით ფიქრობთ თქვენ, რომ ეს ადამიანი არ წავიდეს? სამჯერ მეტი ხელფასის მიმცემი ვინ არის მისთვის ამ ქალაქში, ან საქართველოში? ამიტომ გეუბნებით, ამ ადამიანს ხელი უნდა შევუშალოთ იმიტომ რომ წავიდეს და იქ იმუშაოს, დააგროვოს რაღაც გამოცდილება, გინდა ქონება და დაბრუნდეს ამ ქალაქში, ან ქვეყანაში?“, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ქუთაისის მერმა.

იოსებ ხახალეიშვილმა ეს განმარტება, გიგა შუშანიას იმ განცხადების შემდეგ გააკეთა, სადაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიუთითა, რომ მისი მერობის დროს მოხდა ყველაზე მეტი მოქალაქის გადინება ემიგრაციაში, რის შედეგადაც ქალაქმა, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მესამედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.  

ხახალეიშვილმა განაცხადა, რომ  მიგრაცია არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ მსოფლიოს პრობლემაა. ამასთან, მერის თქმითვე, მოქალაქეები უცხოეთში მუშაობის შედეგად დაგროვებული კაპიტალით ისევ თავიანთ ქალაქში ყიდულობენ ბინებს.

„ყველამ კარგად იცით, ბინების მშენებლობის როგორი ბუმია ჩვენთან, ქალაქში. ვინ ყიდულობს ამ ბინას? - არ ყიდულობს ის ადამიანი, ვინც საზღვარგარეთ არის წასული, ვინაც კაპიტალი დააგროვა და არ ფიქრობს იმაზე, რომ აქ დაბრუნდეს, ან შვილი ჩამოიყვანოს? ამდენი ბინათმშენებლობა ვისთვის არის? მოთხოვნა რომ არ იყოს, ვინმე ააშენებს?“, - განმარტავს იოსებ ხახალეიშვილი.

მერი ქალაქიდან ათასობით მოქალაქის გადინებას, ერთი თვის წინ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლითა და ქუთაისის აეროპორტის არსებობით ხსნიდა. ის ამბობდა, რომ ქუთაისელი ემიგრანტები ქალაქში ევროპაში მიღებული გამოცდილებითა და მეტი უნარ-ჩვევებით დაბრუნდებიან.

ქუთაისი მოსახლეობის რაოდენობით საქართველოში მეოთხე ადგილზეა. საქსტატის 2023 წლის მონაცემით, ქუთაისში ​130,4 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მაშინ როცა მისი მოსახლეობა 1994 წელს 232,2 ათასი იყო.

ქალაქმა მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქის სტატუსი ორი წლის წინ დაკარგა, ის ბათუმმა ჩაანაცვლა. წელს კი ქუთაისზე მეტი მოსახლეობა რუსთავში აღირიცხა.

ბოლო 11 წლის განმავლობაში ქუთაისი 23.3 ათასმა ადამიანმა დატოვა. 


ამავე თემაზე:


"ხელს უწყობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და ჩვენი აეროპორტი"- ქუთაისის მერი მოსახლეობის შემცირებაზე

Print