ახალი ამბები
"წელს არ იგეგმება, ახალი რეაბილიტირებულია"- ქუთაისის მერია თეთრ ხიდზე
FaceBook
დაზიანებული და საფრთხის შემცველი ქუთაისის ისტორიული ხიდის რეაბილიტაცია, მიმდინარე წელს, არ იგეგმება.
თუკი ორი წლის წინ, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი თეთრი ხიდის განმეორებით რეაბილიტაციაზე საუბრობდა, დღეს, მერიაში გვეუბნებიან, რომ ისტორიული ობიექტის რეკონსტრუქციას არ აპირებენ.

„წელს არ იგეგმება, ხიდი ახალი რეაბილიტირებულია - რამდენიმე წლის წინ“,
- გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

არადა ქალაქის მერი 2022 წლის იანვარში ამბობდა, რომ თეთრი ხიდი (რომელიც გახსნის დღიდან არაერთხელ დაზიანდა) საზოგადოებაში ქილიკის მიზეზი აღარ უნდა ყოფილიყო, ამიტომ "რამეს მოიფიქრებდნენ".

"თეთრი ხიდის იმდროინდელი რეაბილიტაცია იყო ძალიან თამამი და წინ გადადგმული ნაბიჯი. ვფიქრობ, ის თემა და ქილიკი, რომელიც მოჰყვება თოვლის გაწმენდა - არგაწმენდას, უნდა დასრულდეს. არ ვიცი კანონი რამდენად მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ რეაბილიტაცია ჩავატაროთ, რადგან მისი რეაბილიტაციიდან სულ რამდენიმე წელია გასული. ფაქტია, რომ რაღაც უნდა მოვიფიქროთ ყველამ ერთად, იმიტომ, რომ ამ ხიდის მომავლის პასუხისმგებლობა ერთობლივადაა მისაღები. მოკლედ, დეტალები გასავლელია და გადაწყვეტილება მისაღებია", - აცხადებდა იოსებ ხახალეიშვილი.

ამ განცხადებიდან ორი წელი გავიდა და ხიდის საფარი რამდენჯერმე დაზიანდა.  

ამის გარდა, ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობის"  წარმომდგენელი გიგა შუშანია ამბობს, რომ "დადგა დრო, მოხდეს თეთრი ხიდის ხელახალი რეაბლიტაცია და პროექტის საჯარო განხილვა".

ამასთან, გიგა შუშანია იმ ადამიანების დასჯასაც ითხოვს, რომლებმაც სამუშაოები, მისი თქმით, უხარისხოდ ჩაატარეს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, გაკეთების ნაცვლად, დააზიანეს. 

ცოტა ხნის წინ, თეთრი ხიდის სავალ ნაწილზე არსებული მინის ერთი მონაკვეთი ისევ გაიბზარა.



ეს ხიდის ზედაპირის დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის. გახსნის დღიდან ხიდზე ხან შუშა დაიბზარა, ხან რკინის საფარი გაფუჭდა.

გადაადგილება საფრთხის შემცველი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდშია. თოვლის ყოველი მოსვლისას ხიდზე არაერთი მოქალაქე ეცემა.

ქუთაისში ისტორიულ ხიდს რეკონსტრუქცია 2018 წელს ჩაუტარდა. სამუშაოები ადგილობრივ ბიუჯეტს 435 997 ლარი დაუჯდა. საბოლოოდ, მისაღები ხიდის არც ვიზუალი აღმოჩნდა და არც შესრულებული სამუშაოების ხარისხი.

ამავე თემაზე:


"დადგა დრო, მოხდეს თეთრი ხიდის ხელახალი რეაბილიტაცია"

თეთრ ხიდზე მინა ისევ გაიბზარა

თეთრ ხიდს, შესაძლოა, რეაბილიტაცია ისევ ჩაუტარდეს

"სპეციალურად დავტოვეთ" - თეთრი ხიდი ისევ გაუწმენდავია

დიდითოვლობით გამოწვეული საფრთხის გამო თეთრი ხიდის ნაწილი გადაკეტილია

თეთრ ხიდზე დაზიანებული შუშა შეცვალეს


თეთრი ხიდი საზეიმო გახსნიდან ერთი წლის შემდეგ (ვიდეო)

Print