ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალური ბულვარის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, 7 წლის წინ დაანონსებული ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია, ახლა დაიწყო.
პირველ ეტაპზე ბაღის შემოღობვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები  უნდა გახორციელდეს. 



რეკონსტრუქციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლისგანაც ბულვარის რეაბილიტაციის პროექტი „ქუთაისიპოსტმა“ გასულ წელს გამოითხოვა, თუმცა, მოხდება თუ არა აღნიშნული ესკიზების მიხედვით ობიექტის რეკონსტრუქცია უცნობია.  ბაღის შემოღობვა ისე დაიწყო, პროექტის საჯაროდ განხილვა არ მომხდარა.

ბულვარის რეაბილიტაციას შპს „დაგი" ასრულებს, რომელმაც პარკის კეთილმოწყობისთვის გამოცხადებულ ტენდერში [NAT220025121] გაიმარჯვა. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტით გათვალისწინებულია პარკის მიმდებარე შენობების რეაბილიტაცია და საფეხმავლო სივრცის მოწესრიგებაც.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისის ბულვარისა და მის მიმდებარედ განთავსებული შენობების რეაბილიტაციის პროექტს სახელმწიფო პროგრამის - „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში (Design-Build მეთოდით) აკეთებს. აღნიშნულისთვის 14 მილიონ 850 000 ლარია გამოყოფილი.

კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯება ქუთაისის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქციისთვის, ამაზე მგფ-დან ზოგადი პასუხი მივიღეთ. მოგვწერეს, რომ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთო პროგრამის ფარგლებში, პრეისკურანტის საფუძველზე განხორციელდება და ცალკე ობიექტის მიხედვით დაყოფილი არ არის.

მგფ-ში განმარტავენ იმასაც, რომ აქამდე სამუშაოების დაწყება ბაღში განთავსებული ნაგებობის, (კაფე-ბარ ,,სავანეს’’) გამო ვერ ხერხდებოდა, რის შედეგადაც საქმეში მერიაში ჩაერია და საქალაქო სასამართლოში განხორციელებული დავების შედეგად, უკვე გასული წლის 27 დეკემბერს ,,სავანე’’ დაანგრია.

აღსანიშნავია, რომ ,,სავანეს’’ ყოფილი მფლობელები მგფ-ს კორუფციაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტში იმ შენობების დემონტაჟზეა საუბარი, რომლებიც ბაღში ფიზიკურად არ არის, ეს კი, მათი თქმით, აჩენს ეჭვს, რომ საქმე ფულის გათეთრებასთან გვაქვს.

ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია 2018 წელს, ქალაქის მაშინდელი მერის გიორგი ჭიღვარიას დაპირება იყო. დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მერიამ ბულვარის რენდერ ვერსია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს მათ მიერ მოწონებული ესკიზისთვის ხმა უნდა მიეცათ, თუმცა პროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავება არ მოხდა.

რატომ ჩაიშალა ბულვარის რეაბილიტაცია წლების წინ - "ქუთაისიპოსტის" მასალა ნახეთ აქ.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი 1821 წელს გაშენდა. ის მუშტაიდის პარკის შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელს ამიერკავკასიაში. ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდებოდა, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ მომხდარა.


ამავე თემაზე:

"ქუთაისის ცენტრალური ბაღის რეკონსტრუქცია იწყება და პროექტი ჯერ არ გასაჯაროვებულა’’

"სამუშაოების დასაწყებად დავალება არ გაცემულა" - ქუთაისის ბულვარის რეკონსტრუქციის თარიღი კვლავ უცნობია

რამდენიმეწლიანი დაპირების შემდეგ ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია იწყება

Print