ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში დღემდე არ იციან როდის დაიწყება 8 წლის წინ დაგეგმილი ბიბლიოთეკის რეკონსტრუქცია
FaceBook
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის რეკონსტრუქცია, რომელსაც ქალაქის მერია ჯერ კიდევ 8 წლის წინ გეგმავდა, ადგილობრივ ბიუჯეტში არც მომავალ წელს არის გათვალისწინებული.
ქალაქის  მერის იოსებ ხახალეიშვილის ინფორმაციით, ბიბლიოთეკის რეკონსტრუქცია ცენტრალური ბიუჯეტიდან იგეგმება, თუმცა როდის, მერს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.  

"ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკა რეაბილიტირდება პრემიერის ინიციატივის ფარგლებში, როდის, როგორ და რანაირად, ამას თვითონ დააანონსებს ბატონი პრემიერი“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა „ქუთაისიპოსტთან“.

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა წლებია ამორტიზებულია. შენობის კედლები დაბზარულია, ჭერი კი - ავარიულ მდგომარეობაში, რის გამოც შენობაში გადაადგილება უსაფრთხო არ არის. საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლების ნაწილი ადგილზე არსებულ პრობლემებზე საუბრისგან თავს იკავებს, ნაწილი აღიარებს, რომ შენობა უსაფრთხო არ არის და რეკონსტრუქციას საჭიროებს.

"კი საშიში ნამდვილად არის აქ ყოფნა, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ? დიდი ხნის შენობაა და ცხადია, სარემონტოა. მერიამ უნდა გამოყოს თანხა, რომ პრობლემა მოგვარდეს,’’ - ამბობს ბიბლიოთეკის თანამშრომელი ჯამლეტ უკლება.


მკითხველები კი ამბობენ, რომ ამორტიზებულ დარბაზში განათლების მიღება დიდ რისკთანაა დაკავშირებული.

"აქ თაობები იზრდებიან და მერიამ სასწრაფოდ უნდა გამოყოს თანხა, რომ რაიმე შეიცვალოს. არ შეიძლება საგანმანათლებლო დაწესებულება ასეთ დღეში იყოს,’’-ამბობს პაპუნა გიორგაძე.

ბიბლიოთეკის დირექტორი გია ქობალიანი კი თვლის, რომ შენობა უსაფრთხოა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის 2016 წლის დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ ბიბლიოთეკა ავარიულ მდგომარეობაშია, მას შემდეგ კი შენობას რეკონსტრუქცია არ ჩატარებია, გია ქობალიანის თქმით, ადგილზე საშიში არაფერია.

,,რატომ არის აქაურობა ავარიული? ავარიული სხვა რამეა. არ მინახავს დასკვნა", - ამბობს გია ქობალიანი.

მისივე ინფორმაციით (თუმცა დაზუსტებით ვერ ამბობს), ბიბლიოთეკის რეკონსტრუქციის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოშია განხილვაზე.

შენობა, რომ ამორტიზებულია, ისიც ადასტურებს, რომ რამდენიმე თვის წინ რელიგიური განყოფილების ოთახში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, თუმცა გია ქობალიანი მაშინაც თვლიდა, რომ მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა და მხოლოდ ჭერის მცირე ნაწილი ჩამოვარდა. ბიბლიოთეკის დირექტორის თქმით, ამ შემთხვევის შემდეგ ადგილზე მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და ჭერის ავარიული ნაწილი ჩამოანგრიეს, რათა საფრთხე აღარ ყოფილიყო. 

მდგომარეობა დღეს რელიგიურ განყოფილების ოთახში, სადაც ჭერის ნაწილი ჩამოიშალა

ბიბლიოთეკას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შენობისთვის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას ქუთაისის მერია 2015 წლის გაზაფხულიდან გეგმავდა, რისთვისაც მსოფლიო ბანკისგან სესხის სახით 1 821 790 ლარის მიღება დაანონსდა, თუმცა, მოგვიანებით ადგილობრივ თვითმმართველობაში განაცხადეს, რომ შენობის რეკონსტრუქციის საკითხი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე შეჩერდა. სამხარაულის ბიუროს 2016 წლის 9 მარტით დათარიღებულ დასკვნაში წერია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ავარიულ მდგომარეობაშია და ის რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება. განიხილებოდა ბიბლიოთეკის სხვა შენობაში გადატანის საკითხიც.

ბოლოს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა ხელისუფლებას 2022 წლის 2 აპრილს გაახსენდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აცხადებდა, რომ შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდებოდა.

ქალაქის ცენტრში საჯარო ბიბლიოთეკის შენობა თითქმის ორი საუკუნეა დგას. მისი აშენების თარიღად მე–19 საუკუნის 30–იან წლები სახელდება. შენობას გასული საუკუნის 70–იან წლებში საცავის კორპუსი მიაშენეს. ახლა მისი საერთო ფართი 2000 კვ. მ.–ს შეადგენს.

Print