ახალი ამბები
15 წუთიანი ანგარიში და მადლობები "ოცნებას" - ქუთაისის მერმა 2023 წელი შეაჯამა
FaceBook
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მიმდინარე წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა.

მან, მისივე შეფასებით, "გამორჩეული წლის მიღწევებზე" საუბარი მხოლოდ 15 წუთში ჩაატია. ოღონდ, ამ 15 წუთიანი ანგარიშის წარდგენისას ირაკლი ღარიბაშვილსა და "ქართულ ოცნებას" მადლობა რამდენჯერმე გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქუთაისში განხორციელებული თითოეული პროექტი მათი გუნდურად მუშაობის შედეგია.

ანგარიშის წარდგენამდე, იოსებ ხახალეიშვილმა შეხვედრაზე მისულებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ქართველი ხალხის, მათი გუნდისა და ხელმძღვანელობის დამსახურებაა.

რაც შეეხება 2023 წელს, თქვა,  რომ მიმდინარე წელი გამორჩეული იყო თავისი მიღწევებით, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ქუთაისისთვის იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრობა იყო (ლიტერატურის მიმართულებით).

"ამასთან, მიმდინარე წელს, უპრეცედენტოდ მაღალი თანხა, 100 მილიონი ლარი დაიხარჯა, სხვადასხვა ფონდიდან, ჩვენს ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის. პირველ რიგში, აღნიშვნის ღირსია პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში „განახლებული რეგიონები“ რეაბილიტირებული ფალიაშვილის ქუჩა, რომელიც ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდა. ამისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და დავაანონსო, რომ 2024 წლიდან აღნიშნული პროგრამა ისევ გაგრძელდება და ჩვენს ქალაქში კიდევ ბევრ რეაბილიტირებულ შენობას ნახავთ",- განმარტა მერმა.

ინფრასტრუქტურული პროექტების შემდეგ, იოსებ ხახალეიშვილმა სოციალური პროგრამების შესახებაც ისაუბრა, რისთვისაც, მისი თქმით, მიმდინარე წელს, 6 მილიონ ლარზე მეტი იყო გამოყოფილი და დაახლოებით, 25 000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.



მერის მიერ ჩამოთვლილ საქმეებს შორის ასევე მოხვდა სტუდენტებისთვის მგზავრობის დაფინანსება და გუგუნავას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისის მოწყობა, იმ საცხოვრისის, რომელიც რეაბილიტაციიდან 8 თვის განმავლობაში გამოკეტილი იყო და მხოლოდ შემდეგ შეასახლეს ბენეფიციარები. 

"წელს, პირველად, ჩვენს ქალაქში სოციალური საცხოვრისი მოვაწყეთ, რომლითაც 42-მა ოჯახმა მიიღო ჭერი. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას. 

ასევე
აღნიშვნის ღირსია ის ერთობლივი გადაწყვეტილება, რომელიც საკრებულოსთან ერთად მივიღეთ მოსწავლეების (30 ათასამდე) უფასო მგზავრობასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, ქალაქის მასშტაბით, 60 000-მდე ჩვენი თანაქალაქელი სარგებლობს სხვადასხვა სახის შეღავათით მუნიციპალურ ტრანსპორტში",- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. 

შეხვედრას, რომელსაც "შენგელია არენამ" უმასპინძლა, ტრადიციულად, მერია/საკრებულოს თანამშრომლები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 



აღსანიშნავია, რომ ანგარიშის წარდგენაზე იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანიც, რომელმაც მერს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. 



ანგარიშის წარდგენა ქალაქში განხორციელებული პროექტების შესახებ მომზადებული ვიდეო-კლიპის ჩვენებით დასრულდა.  

მერის განმარტებით, 2024 წელს კიდევ უფრო მეტი ახალი პროექტი და პროგრამაა დაგეგმილი, "მათ შორის ისეთებიც, რომელთა შესრულებასაც ათწლეულებია ველოდით".

აღსანიშნავია, რომ ქალქის მერს ანგარიშის წარდგენა და წლის შეჯამება მიმდინარე წელს ორჯერ მოუხდა. ერთი, როცა გასული წელი დაგვიანებით, 2023 წლის თებერვალში შეაჯამა და მეორე, 22 დეკემბრის შეჯამება, სადაც მიმდინარე წლის გაწეული საქმიანობის ანაგრიში წარადგინა.
Print