ახალი ამბები
"კატასტროფული ბიუჯეტი" - ოპოზიციაში ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტს აპროტესტებენ
FaceBook
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი გააპროტესტა.

მან ქუთაისის მერიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქალაქის მთავარ 100 მილიონიან ფინანსურ დოკუმენტში ადმინისტრაციული და სარესტორნო ხარჯები გაზრდილია და ის თანამდებობის პირებზეა მორგებული.

კერძოდ, გიგა შუშანიას განმარტებით, ხელფასები, გასულ წელთან შედარებით, 4 მილიონით არის მომატებული, ქუთაისის მერიის შენახვის ხარჯები კი - 1 მილიონ 200 ათასი ლარით.

„ეს არის კატასტროფული ბიუჯეტი, რომელიც არ არის ქუთაისელების საჭიროებაზე მორგებული. რესტორნების ხარჯები 200 000 ლარამდე გაზარდეს და ამის პარალელურად, უფასო კვებაში საქონელი და მომსახურება 40 000 ლარით არის შემცირებული. თურმე, უბრალო გაჭირვებულ ადამიანებს უფრო ნაკლები თანხები სჭირდებათ კვებისათვის, ვიდრე ქუთაისის მერს და ჩინოვნიკებს. ამასთან, საგზაო ინფრასტუქტრურა 2 მილიონ 280 ათასამდე ჩამოიყვანეს და ლამის 11 მილიონით არის შემცირებული. ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის კი - 0 ლარია. ქუთაისი მიექანება უფსკრულისკენ, ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ამოიღოს ხმა და ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ეს ქალაქი კიდევ უფრო მეტად არ დაიცალოს“,- ამბობს გიგა შუშანია.

ოპოზიციონერი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარეს მიმართავს, დროულად მოიწვიონ ფრაქციის სხდომა, რომელსაც ქალაქის მერი და მისი მოადგილეები დაესწრებიან და დაიწყონ ბიუჯეტის დეტალური განხილვა.

გიგა შუშანიას ბრალდებებს ქუთაისის მერიაში არ პასუხობენ. 

ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტის საწყისი მოცულობა 100 მილიონ 210 ათასი ლარია, 2023 წლის ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის საწყისი მოცულობა კი 101 მილიონ 481 700 ლარს შეადგენდა. 




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:50 / 30.08.2025
"ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება",-

ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ფუნდამენტურ უფლებებზე მორიგი თავდასხმა და სასამართლო სისტემის, როგორც რეპრესიის ინსტრუმენტის, გამოყენებაა.

“ეს ფინანსური განზრახ გაგუდვის მეშვეობით პოლიტიკური დევნის აქტია, რომლის მიზანია, გააჩუმოს და დასაჯოს განსხვავებული აზრი.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არა სახელმწიფოს მტრები, არამედ დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების ხერხემალია. წლების მანძილზე საქართველოს ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა იყო, რომელსაც ხელშესახები სარგებელი მოჰქონდა თავისი მოქალაქეებისთვის. ამ ორგანიზაციების მიზანში ამოღება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ძირს უთხრის საბაზისო პრინციპებს, რომლებსაც კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან.

ევროკავშირი მყარად უდგას გვერდში საქართველოს გამძლე და მამაც სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც მთავრობის მხრიდან მზარდი რეპრესიების მიუხედავად აგრძელებს მოქალაქეებისთვის მსახურებას”, - განაცხადა ჰიპერმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაყადაღებულია: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“-ს , „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებ“-ის , „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“-ს, „დემოკრატიის მცველები“-ს , „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“-ს , „საფარი“-ს და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“-ს საბანკო ანგარიშები.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.